900-იანი წლების დასაწყისში გურული ქალები იმავე უფლებებით იყვნენ აღჭურვილნი, როგორც მამაკაცები _ მათაც ჰყავდათ საკუთარი ასისთავი, ათისთავი და საზოგადოების წარმომადგენელი. გურული ქალბატონები არც ერთ მიტინგსა და კრებას არ აცდენდნენ, ისინი მუდამ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ, სიტყვით გამოდიოდნენ საჯარო კრებაზე და ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხის გადაჭრაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ, _ წერდა ,,ივერია”, #145, 1905.

ნიკო მარი აღწერს ერთ მიტინგს, სადაც ,,კაცებთან ერთად ყოჩაღად მოდიოდნენ ქალებიც… ქალები ქოლგებით, კარგად გამოწყობილნი, ზოგი თეთრ ხელთათმანებში ამშვენებდნენ იქაურობას” (,,ცნობის ფურცელი”, # 2912, 1905). ლანჩხუთში კრიმ გირეისთან შესახვედრად 18 დეპუტატიდან ექვსი ქალი გახლდათ. ბევრი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეიძლება…
გამოჩენილი ბოლშევიკი და დიპლომატი ალექსანდრა კოლონტაი აღნიშნავდა: ,,გურული გლეხი ქალები სოფლის თავყრილობებზე ქუთაისის გუბერნიაში რეზოლუციებს იღებდნენ, რომლებშიც მამაკაცებთან პოლიტიკურ თანასწორობას მოითხოვდნენ”. ცნობილია, რომ მრუშობაში შემჩნეულ ქალებს თავად მანდილოსნები ამხელდნენ და ბოიკოტს უცხადებდნენ. ,,იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ცოლი მეტ აქტივობას იჩენდნენ, ვიდრე ქმრები. ქალები სასტიკად იცავდნენ და ასრულებდნენ კომიტეტის ყოველგვარ განკარგულებას.” როგორც ხედავთ, გენდერული თანასწორობა გურიაში ყოველთვის დაცული ყოფილა, რითაც იმდროინდელი ფემინისტური მოძრაობის წარმომადგენლები, ეს ამბავი რომ სცოდნოდათ, ნამდვილად გაოცებულნი და კმაყოფილნი დარჩებოდნენ (ცნობისათვის: რუსეთში არჩევნებში ქალთა მონაწილეობა მხოლოდ 1917 წელს დაუშვეს, ხოლო აშშ-ში 1920 წელს). ედუარდ იუონი წერდა გურული ციცების შესახებ: ,,ოჯახში ქალი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, თავის ოთხ კედელს შორის იგი სრული მბრძანებელია, მაგრამ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც არაფრით დგას მამაკაცზე უკან – თვით კონსერვატიულ წრეებშიც კი, რომლებიც ახალ სოციალურ იდეებს არ თანაუგრძნობენ. ეს მით უფრო დასაფასებელია, რომ ეს ხალხი მუდამ მაჰმადიანებით გარშემორტყმული ცხოვრობდა და ახლაც მათი უშუალო მეზობელია.”
ეს შესავალი ციცების შესახებ იმიტომ დამჭირდა, რომ გურულმა ფეხბურთელმა გოგოებმა ნამეტანი გვასახელეს და როგორც ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე ამბობს _ ,,ქალო, წაი მინდორში და კაცო, შეი კუხნაში!!!” მიხვდით, ალბათ, რატომ – დახეული ბუცებით მოთამაშე ციცებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს, მილიონებით დაფინანსებულმა კაცთა ფეხბურთმა კი..… რაც გააკეთეს, ქე ნახეთ!
მე ფეხბურთისგან შორს ვდგავარ (თუმცა, თავის დროზე, 1987 წელს, ჩემს მასწავლებელთან, ლერი სიხარულიძესთან ერთად გადავიღე დოკუმენტური ფილმი ,,ტრიბუნების ოთხი მხარე”, რომელიც ეძღვნება ლანჩხუთის გურიის გულშემატკივრებს), მაგრამ ახლა შემოგთავაზებთ პატარა ისტორიულ ექსკურსს ლანჩხუთის საფეხბურთო ისტორიიდან (ეს ამონარიდია მომავალი წიგნიდან ,,ლანჩხუთი და ლანჩხუთელები”).
20-იანი წლების მეორე ნახევრიდან კურორტ ბახმაროში რეგულარულად იმართებოდა ასპარეზობა ფეხბურთში. მასში მონაწილეობდნენ ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ოზურგეთის (მაშინ მახარაძის), სამტრედიის, სუფსის გუნდები. ამ შეჯიბრებებში, უმეტესწილად, ლანჩხუთის ,,კიმი” იმარჯვებდა, რომელიც 1926 წელს თბილისის ,,დინამოს” მაშინდელმა მწვრთნელმა ანდრო ჟორდანიამ ჩამოაყალიბა.
ლანჩხუთის რაიონის ფეხბურთის პიონერები იყვნენ: არჩილ გვარჯალაძე, ვასიკი ჭეიშვილი, პეტრე გიგინეიშვილი, კოკი ხეცკო, ტიტე პატარაია, ძმები გრიგოლ, კარლო, კოტე გიგინეიშვილები, ძმები ვალენტი და ვანიჩქა წილოსნები, ძმები ტიტე და კარლო პატარაიები, ბიჭიკო ხოფერია, ვალოდია წულაძე, შაქრო ხარჩილავა, კოტე კანდელაკი, ანდრო ებრალიძე, სიმონ ფხაკაძე, კოტე ზენაიშვილი, გიგა ებრალიძე, თეიმურაზ ჟორდანია, გრიშა პატარაია, ჟორა ჭანტურია, პოლიო რამიშვილი, ბეჟან აფხაზავა, ილია ჩხარტიშვილი, გივი სიხარულიძე, შაქრო კვიტაიშვილი, სოკრატ კუტიტოვი, ტიტე იმნაძე და სხვები.
1950 წელს სასოფლო სპორტსაზოგადოება ,,კოლმეურნის” რაიონულ ორგანიზაციასთან შექმნილ ნაკრების ბაზაზე დაფუძნდა ფეხბურთის გუნდი ლანჩხუთის ,,კოლმეურნე” შემდეგი შემადგენლობით: ლერი ლომაძე, ოთარ ჟორდანია, ვაჟა ურუშაძე, ბესო სარჯველაძე, ძმები ნიკო და ვაჟა ჭყონიები, გერმანე ებრალიძე, გოგი წილოსანი, ზაზა ზენაიშვილი, სოსო (ბუტა) ჟორდანია, რეზო (ხადილა) ებრალიძე, ვიქტორ (ბიჭუკა) ებრალიძე, ჟანუ რუსია, დემურ (თახო) მენაღარიშვილი, გოგი ებრალიძე და სხვები. შემდეგ მათ შეუერთდნენ: ლეო გორდელაძე, ჭიჭიკო ორაგველიძე, იური ებრალიძე, გივი ებრალიძე, გურამ ცხაკაია, ნოდარ ჩხაიძე, გიორგი მახარაძე, რომან ებრალიძე, ვლადიმერ ბურძგლა და ვაჟა ფირცხალაიშვილი. 1960 წელს ლანჩხუთის ,,კოლმეურნე” საქართველოს პირველობაზე მეორე ადგილის მფლობელი გახდა. იმავე წლის გაზაფხულიდან გუნდს ეწოდა ,,გურია”.
სოსო (ბუტა) ჟორდანიამ 50-იანი წლების მეორე ნახევარში განათლების სპორტულ სკოლასთან გახსნა ბავშვთა საფეხბურთო ჯგუფები, სადაც თავი მოიყარა იმ პერიოდის პერსპექტიულმა მოზარდებმა: რამაზ ურუშაძემ, ვახტანგ ძიძიგურმა, ზორბეგ ებრალიძემ.
1961 წელს ლანჩხუთის ,,გურია” თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. მისი მწვრთნელი იყო შალვა კაკაბაძე.
1979 წელს ლანჩხუთის ,,გურია” საკავშირო პირველ ლიგაში გადავიდა. 1986 წლის 12 ნოემბერს ლანჩხუთის ,,გურიამ” ბათუმის სტადიონზე მოსკოვის ლოკომოტივი” დაამარცხა და უმაღლეს ლიგაში გადავიდა. ლანჩხუთის ,,გურია” საკუთარ წარმატებას, დიდწილად, უნდა უმადლოდეს ბატონ ევგრაფი შევარდნაძეს, რომელმაც უზარმაზარი ამაგი დასდო გუნდის განვითარებას და წარმატებას, მისი დამსახურებაა, რომ დღეს ლანჩხუთს სტადიონი აქვს. მადლიერმა ლანჩხუთელებმა სტადიონს მისი სახელი მიანიჭეს, ხოლო 2018 წელს ქალაქში ევგრაფი შევარდნაძის ბიუსტი გაიხსნა.
გაუმარჯოს გურულ ციცებს!
































































