რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა NEWS.ru – თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აუცილებელია აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ საქართველოსა და რუსეთს შორის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები.
მისი თქმით, საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებას და შესაძლებლობებს ამ ქვეყანაში რუსების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
“თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დამოუკიდებელ პოზიციას უკრაინის პრობლემასთან მიმართებაში და მის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისადმი, აუცილებელია აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის”, – განაცხადა გავრილოვმა.
მისი თქმით, ურთიერთობების აღდგენა ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაზრდას და ტურიზმის განვითარებას.
ასევე მან აღნიშნა, რომ უნდა გაიზარდოს ავიაკომპანიების რაოდენობა, მათ შორის, მეგობარი ქვეყნებიდან, რომლებიც განახორციელებენ გადაზიდვებს რუსეთსა და საქართველოს შორის
მანამდე საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენის მოწოდებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც გამოვიდა. ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ “საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება”. მისი თქმით, საქართველოსთან კონტაქტები აქტიურად ვითარდება და 2022 წელს ქვეყნის მშპ 10%-ით გაიზარდა, დიდწილად ტურიზმისა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის გამო.
ასევე მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა გამოთქვა მოსაზრება , რომ ქვეყანა გააუქმებს საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს, როგორც კი “აუცილებელი წინაპირობები” იქნება. დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვსა და თბილისს აერთიანებს მეგობრობის უძველესი ტრადიციები, კეთილმეზობლობა, საერთო ისტორია, კულტურა, სულიერი ფასეულობები, მილიონობით ადამიანის ბედი.
ავტორი