ლანჩხუთში, ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ნათელა მოისწრაფეშვილი მიიჩნევს, რომ მისი საცხოვრებელი სახლი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, ვინაიდან ის მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს და იქ ბზარების რაოდენობა თანდათან მატულობს.
ნათელა მოისწრაფეშვილის ინფორმაციით, ვითარება განსაკუთრებულად გასული წლის ნოემბერში მომხდარი სტიქიის შედეგად დამძიმდა.
“ადრე იყვნენ მოსული გეოლოგები და აქაურობა შეამოწმეს, თუმცა, ამ შემოწმების შემდეგ მდგომარეობა უფრო გართულდა _ მიწა ჩამოიშალა და ბზარებიც უფრო გაიზარდა. ვთვლი, რომ აქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, აუცილებელია, ხელახლა მოხდეს აქაურობის შემოწმება და შესწავლა”, _ ამბობს სახლის მეპატრონე.
როგორც ირკვევა, ნათელა მოისწრაფეშვილის საცხოვრებელ სახლთან არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, საქმის კურსშია ადგილობრივი ხელისუფლება, სადაც ამბობენ, რომ ტერიტორიის დეტალური შესწავლის მიზნით, სპეციალისტების მოწვევა იგეგმება, რომლებიც შესაბამის დასკვნას დადებენ.
ნინოშვილში ნათელა მოისწრაფეშვილის საცხოვრებელი სახლის ადგილზე მოსანახულებლად იმყოფებოდა კიდეც საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან და საკრებულოს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარესთან ერთად.