მმართველ გუნდში არსებული შიდა პრობლემები და მოსამართლეთა დანიშვნის კრიტერიუმები – ეს ის მთავარი საკითხებია, რაზეც უმრავლესობამ დღევანდელ საგანგებო სხდომაზე უნდა იმსჯელოს. “ქართული ოცნება” სრული შემადგენლობით შეკრებას 11:00 საათისთვის როსტომ მეფის სასახლეში აპირებს. არ არის გამორიცხული საუბარი პარტიიდან გედევან ფოფხაძის გარიცხვასაც შეეხოს.
გუშინ ფოფხაძემ პოლიტსაბჭოს საგანგებო გზავნილიდან გამომდინარე პარტიიდან წასვლა კიდევ ერთხელ დაანონსა. დაესწრებიან თუ არა შეხვედრას როსტომ მეფის სასახლეში გედევან ფოფხაძე და ეკა ბესელია – ამ ეტაპზე უცნობია. არ გამოირიცხება მისვლის შემთხვევაში, სხდომა გედევან ფოფხაძემ და სხვა დეპუტატებმა დემარშით დატოვონ.
“ჩვენი თვითმიზანი დანმდვილად არ არის ვინმეს გარიცხვა, ვინმეს განკვეთა და მსგავსი სანქციები, მაგრამ თუკი ასეთ გადაწყვეტილებას ჩვენი რომელიმე ტანაგუნდელი იღებს, ნებისმიერი გადაწყვეტილება იმსახურებს პატივისცემას, ჩვენ ბუნებრივია ვერ სევეწინააღმდეგებით ამას,” _აცხადებს მამუკა მდინარაძე.
უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, აკაკი ზოიძე კი განმარტავს, რომ კონსენსუსის რეზერვი მაქსიმალურად უნდა ამოიწუროს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული პარტიიდან გასვლის შესახებ.
“ასეთი ზომების წინააღმდეგი ვარ ზოგადად, თუ ვინმეს სურს რომ პარტიიდან გავიდეს და ღირებულებათა თანხვედრა ან არათანხვედრა ხდება, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ყველანაირად უნდა ამოიწუროს ყველანაირი კონსენსუსის რეზერვი და უნდა შევეცადოთ პოზიციების დაახლოებას,” _ ამბობს აკაკი ზოიძე.
რაც შეეხება თავად გედევან ფოფხაძეს, ის აცხადებს, რომ როგორც მას აქვს ვალდებულებების პარტიის წინაშე, ისევე გააჩნია “ქართულ ოცნებას” მასთან ვალდებულებები.
“მიმაჩნია რომ ამ გუნდში მდგმური არ ვარ და ამ გუნდში ვიღაცას ჩემთვის რაღაცა ხათრით და ნაცნობობით არ ჩაუწყვიათ წევრობა. თუ მე ვალდებულებები მაქვს გუნდის წინაშე, უფლებებიც მაქვს და ამ გუნდსაც აქვს ჩემთან ვალდებულებები, მარტო მე არ მაქვს,” _აცხადებს გედევან ფოფხაძე. \
rustavi2.ge