დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ გელაურში ახალი საბავშვო ბაღი საზეიმოდ გახსნეს.
გელაურის დასახლებაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება წლების განმავლობაში არ არსებობდა. საბავშვო ბაღი 105 აღსაზრდელზეა გათვლილი, სადაც 19 ადამიანია დასაქმებული. დღესვე საბავშვო ბაღი სოფელ ზენითშიც გაიხსნა. საბავშვო ბაღში 70 აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას და 15 ადამიანია დასაქმებული.
ახალი სკოლამდელი დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. შენობები შშმ პირებისათვის ადაპტირებულია. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში საბავშვო ბაღებში განთავსდა საძინებელი და გასართობი ოთახები, მოეწყო სველი წერტილები და დარბაზი, ასევე, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემები, კეთილმოეწყო საბავშვო ეზოები, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ საბავშვო ბაღები ახალი ინვენტარით აღიჭურვა.
დღეის მდგომარეობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 22 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 2 350 აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას და 437 ადამიანია დასაქმებული. ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე სულ 10 საბავშვო ბაღი აშენდა.
ახალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღების გახსნა დაგვაში, ფიჭვნარსა და ცეცხლაურშიც იგეგმება, ასევე წელს საბავშვო ბაღები აჭყვისთავსა და ჩაისუბანში აშენდება. (R)