„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად, აკადემიურ წრეებთან, სამართლის დარგის სპეციალისტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან დღეიდან იწყებს ერთთვიან კონსულტაციებს.
კონსულტაციების მიზანია გენერალური პროკურორის არჩევნების მაქსიმალური ღიაობა და გამჭვირვალობა. ასევე, ამ პროცესის შედეგად, ისეთი პროფესიონალი კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც აკადემიური საზოგადოების, პროფესიული წრეებისა და არასამთავრობო სექტორის ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობენ. აღნიშნული პროცესი არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ საპროკურორო საბჭომ ღირსეული და საზოგადოების მაღალი ნდობის მქონე კანდიდატებს შორის გააკეთოს საბოლოო არჩევანი.
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეული იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.
კონსულტაციებში მონაწილეობისათვის საპროკურორო საბჭო მიმართავს აკადემიური წრეების წარმომადგენელებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.
გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. თუ ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო 1 კვირის ვადაში, იწყებს ხელახალ კონსულტაციებს.
საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს. თუ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო პარლამენტის წევრთა ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატებს.
ცნობისთვის, გენერალური პროკურორის მოვალეობას გიორგი ბადაშვილი ასრულებს, მას შემდეგ რაც, ყოფილი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ განამწესესეს.