18 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „მილანს“ უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა. მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩამ ემოციები ვერ დამალა და ტურნირიდან გამოვარდნა მძიმედ განიცადა, რის გამოც მას თითქმის მთელი გუნდი ამშვიდებდა.
ცნობილმა იტალიურმა სააგენტო Il Mattino-მ დღევანდელ გამოცემაში დაწერა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა გუშინ, Castel Volturno-ში სავარჯიშო სესიის დაწყებამდე თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა. სანაცვლოდ, თანაგუნდელებისგან გამხნევება მიიღო, განსაკუთრებით კი კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო გამოირჩეოდა, რომელმაც კვარას შემდეგი სიტყვები უთხრა: „გეყოფა საკუთარი თავის დადანაშაულება! ჩვენ იმის გამო არ გავვარდნილვართ, რომ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანე!“
„რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები, დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო. ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება!“ – დაწერა Instagram-ზე კვარაცხელიამ.