გერმანიის მთავრობა დაჩქარებული წესით, იმ ადამიანების დეპორტაციას გეგმავს, რომლებიც ქვეყანაში არალეგალური სტატუსით ცხოვრობენ. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche welle ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იურიდიული სტატუსის გარეშე 250 ათასი პირია, რომელთა ვინაობა საბუთების არ არსებობის გამო ვერ დადგინდა.
Deutsche welle – ს ინფორმაციით, გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს უცხო ქვეყნის საელჩოებს, რათა ეს ადამიანები დეპორტაციის მიზნით გამოიკითხოს.
გამოცემის ცნობით, ეს ადამიანები საელჩოებში გამოკითხვაზე უნდა გამოცხადდნენ და დეპორტაციისთვის საჭირო დოკუმენტაციას, მხოლოდ მათი ვინაობის დადგენის შემდეგ მიიღებენ.
როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი აცხადებს, აღნიშნული მოსმენები აუცილებელია ადამიანების მოქალაქეობის დასადგენად.
„მოსმენა აუცილებელი საშუალებაა ქვეყნის დატოვების ვალდებულ პირთა მოქალაქეობის დასადგენად.
სამგზავრო დოკუმენტების გაცემა შესაძლებელია მხოლოდ მათი მოქალაქეობის დადგენის შემდეგ. მსგავსი მოსმენები წლების განმავლობაში იურიდიულ საფუძველზე ტარდებოდა გერმანიაში და მათი სარგებლობა დადასტურებულია, მოსმენები კი გამჭირვალეა,” – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი.
გამოცემის ინფორმაციით, 2019-2020 წლებში საელჩოებში გამოკითხვაზე 1 100 ადამიანი დაიბარეს ნიგერიიდან, 370 განადან, 146 გამბიიდან, ხოლო 126 გვინეიდან. ასევე მრავალი ადამიანია გამოძახებული გასაუბრებაზე.
ასევე გამოცემა წერს, რომ გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (DGAP) განცხადებით, 2020 წელს გერმანიაში ცხოვრობდა დაახლოებით 250 000 ადამიანი, ლეგალური ბინადრობის სტატუსის გარეშე. ასევე უწყებაში აღნიშნეს, რომ 2019 წელს დაახლოებით 22 000 ადამიანი იქნა დეპორტირებული.
Deutsche welle-ს ინფორმაციით, ანალოგიური წესებით სარგებლობას გეგმავენ ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიც.