გერმანია იმ უცხოელების დეპორტაციისთვის, რომლებსაც ქვეყანაში დარჩენის სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ, ზომებს ამკაცრებს – ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. შესაბამისი კანონი პარლამენტმა 18 იანვარს მმართველი კოალიციის წევრი სოციალ-დემოკრატების, თავისუფალი დემოკრატებისა და მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი დეპუტატების მხარდაჭერით მიიღო.
აღსანიშნავია, რომ კანონს მხარი არ დაუჭირეს ქრისტიან-დემოკრატებმა და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც უფრო მკაცრ ცვლილებებს მოითხოვდნენ.
როგორც გერმანული გამოცემა წერს, ახალი კანონის თანახმად, გერმანიაში არალეგალურად მყოფი პირებისთვის, რომლებიც დეპორტაციას ელოდებიან, პატიმრობის მაქსიმალური ვადა 10-დან 28 დღემდე გაიზარდა. ასევე, ქვეყნიდან გასაძევებელი უცხოელების გამოსავლენად, პოლიციას მიეცა უფლება, ჩხრეკა არა მხოლოდ ლტოლვილთა საერთო საცხოვრებლებში, არამედ სხვა შენობებშიც ჩაატარონ, მათ შორის ღამით. ასევე, არალეგალურად მყოფ უცხოელებს დეპორტაციის შესახებ წინასწარ აღარ გააფრთხილებენ.
გერმანიის პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონით, გამონაკლისი მხოლოდ იმ ოჯახებისთვის დაიშვება, რომლებშიც 12 წლამდე ბავშვები არიან.