პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილია ერთ-ერთი, ვინც მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლაში არწმუნებდა, მისი დაკავება კი, ყველაზე მეტად ნიკა მელიას გაუხარდა.
“იმედი გვაქვს, რომ გვისმენს პატიმარი სააკაშვილიც და მას შევახსენებდი, ვინ არწმუნებდა ყველაზე მეტად, რომ ჩამოსულიყო თბილისში. ერთ-ერთი მათ შორის იყო ბატონი ვანო მერაბიშვილი, რომელიც დაჟინებით არწმუნებდა, რომ აქ სიტუაცია იმდენად არის მომწიფებული, რომ მის ჩამოსვლას ხელს ვერავინ ვერ შეუშლიდა. როგორც დაასრულა ამ ადამიანმა მისი ეს ავანტიურისტული ექსპერიმენტი, ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ, თავი ამოყო ციხეში, ძალიან მარტივად”, – უთხრა დღეს ბათუმში, ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, სააკაშვილის დაჭერა ყველაზე მეტად გაუხარდა ნიკა მელიას, რომელიც „ფარისევლურად დადის ეხლა და ციხის წინ აკეთებს კომენტარებს”.
როგორც ღარიბაშვილმა თქვა, ეს ყველაფერი კარგად იციან, მაგრამ აბსოლუტურად არ აინტერესებთ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურებს გამჭვირვალედ ჩაატარებენ, ყველა ქალაქში გაიმარჯვებენ, ამის შემდეგ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება და მთავარი საზრუნავი იყოს უმუშევრობა და სიღარიბე, ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობა და მშვიდობა.