საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა კავკასიის საკითხებში პოლიტიკის ექსპერტმა მამუკა არეშიძემ.
მისი თქმით, საზოგადოებამ მმართველი პარტიას გაფრთხილება მისცა და ახლა სადავოა, „ქართულმა ოცნებამ“ როგორ უნდა შეძლოს მეორე ტურში იმ ადამიანების მობილიზება, რომლებმაც 2012 წელს ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებაში მოიყვანა.
გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, ექსპერტი ფიქრობს, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება დაპირისპირების შედარებით მწვავე ფაზაში აღმოჩნდება.
„იმ შემთხვევაში, თუ გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, მუდმივი დაპირისპირება იქნება პრეზიდენტსა და სახელმწიფოს სტრუქტურებს შორის, რაც, ბუნებრივია, საზოგადოების გახლეჩას გამოიწვევს. ეს იქნება ღია კონფრონტაცია, რომელიც დესტაბილიზაციის წყაროა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაიზრდება. ამ საკითხთან დაკავშირებით გედევან ფოფხაძის განცხადება მოუფიქრებელი და უადგილო იყო.
ქართველმა ამომრჩეველმა ყვითელი ბარათი აჩვენა „ქართულ ოცნებას“. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ იმ ხალხის გარეშე, რომელსაც 2012 წელს მმართველი პარტიის გამარჯვებაში ლომის წილი მიუძღვის, წარმატების მიღწევა გამორიცხულია.
ახლავე უნდა გადადგან ისეთი ნაბიჯები, რასაც ჰქვია პორტირებული ხალხის გათავისუფლება, საკადრო პოლიტიკის გადახედვა, სხვადასხვა დაპირების შესრულება, სამართლიანობის აღდგენა და მახინჯი კოჰაბიტაციის აღკვეთა“, _ განაცხადა არეშიძემ.
ცესკო-ს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა _ 38,64 % მოიპოვა, გრიგოლ ვაშაძემ _ 37, 74%; ხოლო დავით ბაქრაძემ _ თითქმის 10.97 %, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.