თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ლეპტოპი ოჯახის ადვოკატის გარეშე გახსნა. მიხეილ რამიშვილის თქმით, მას კომპიუტერი დალუქული აღარ დახვდა. თუმცა ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, არის თუ არა მოწყობილობიდან ამოღებული რაიმე ინფორმაცია. პარალელურად, გაუქმდა თამარ ბაჩალიაშვილის Fაცებოოკ გვერდი, მაგრამ რა მოტივი შეიძლება ამოძრავებდეს მას, გაურკვეველია.
“რომ დავრჩე ღია ცის ქვეშ და დამჭირდეს სახლის გაყიდვა, ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე და ჩავალ სტრასბურგამდე”, – თქვა “მთავართან” თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა. დაღუპულის დედას ბევრი გარემოება უჩენს კითხვებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისთვის, ვინ წაშალა თამარის ფეისბუქის გვერდი, სადაც ოჯახი ხშირად შედიოდნენ და ასევე, დედა სვამს კითხვას, თუ გამოძიება არაფერს მალავს, რატომ არ დაასწრეს დაღუპულის ლეპტოპის გახსნას ოჯახის ადვოკატი.
რაღაცეების მიჩქმალვა და ჩაფარცხვა უნდათ, მოვითხოვ ფედერალური ბიუროს ჩართვას, ვახსენეთ თუ არა ფედერალური ბიურო, ეგრევე წაიშალა ფეისბუქი. შეიძლება რომ გაუხსნელად წაშალონ ფეისბუქი, ეს ხომ ყველამ იცის. აქამდე იყო და უცებ წაიშალა, მოწმენდილ ცაზე, როცა უკვე ადვოკატი უნდა დასწრებოდა იმის გახსნას. ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანი იყო, რომ რაღაც სხვა სისტემებში შეაღწია, სხვა რაღაც ინფორმაცია მოიპოვა, რომლისაც ეშინოდა, ამით ჩვენ დაგვიცვა და თავისი თავი გაწირა, – ამბობს თეონა თამაზაშვილი.
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები კვლავ კატეგორიულად გამორიცხავენ თვითმკვლელობას. დედა ამბობს: “რომც დამხვრიტონ, არასდროს დავიჯერებ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა. ის ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა და ჰქონდა ძალიან ბევრი გეგმა”. ჯუმბერ ბაჩალიაშვილს აქვს ეჭვი, რომ გამოძიება ფაქტებს განგებ ასაიდუმლოებს. მისი თქმით, საეჭვოა, რომ თამარის მანქანა და მისი ცხედარი მხოლოდ მას შემდეგ იპოვნეს, რაც ოჯახმა აქცია ჩაატარა. ასევე, როდესაც ოჯახმა და ადვოკატმა საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართვა მოითხოვა, დაღუპულის ლეპტოპი ექსპერტიზაზე იმავე საღამოს მიიტანეს.
ოჯახის ადვოკატი ეჭვობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპი 28 ივლისის საღამომდე იყო გახსნილი.
როდესაც მივედი ექსპერტიზაზე, კომპიუტერზე იყო ლუქი მოხსნილი, ამოღებული და გახსნილ მდგომარეობაში დამახვედრეს. ამას უკვე ამყარებს ის მომენტი, რომ როდესაც იმ მაღალჩინოსანმა თქვა, რომ თქვენი გოგო შარში არისო, შემდეგ კი უარყო, და ამას დაემთხვა, რომ ბავშვის ფეისზე მისი პერსონალური გვერდი წაიშალა, უკვე ბევრი კითხვა ჩნდება. ოჯახი არ ენდობა ამ სკანირებას და ამ ინფორმაციას, – ამბობს მიხეილ რამიშვილი.
იგი ითხოვს, რომ დაღუპულის მანქანის ექსპერტიზას მაინც აუცილებლად დაასწრონ.
თამარ ბაჩალიაშვილი კი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია ძAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
ცნობისთვის, 25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
წყარო: mtavari.tv