“ღიმილის ბიჭი აღარ გვყავს, მზესავით გაბადრული, სხივებივით რომ აფრქვევდა სითბოს და სიკეთეს, ყველა რომ უყვარდა და ყველას რომ უყვარდა, ისეთი ღიმილის ბიჭი. ჩვენი მამუკა, ყველას მამუკა.
როგორ გვახარებდა მისი ტკივილიანი წარსულის ოჯახის ფეხზე დადგომა, დიდი ბედნიერების მოლოდინი… მოულოდნელი და სულისშემძვრელი ტრაგედია ძნელი გასააზრებელი დარჩა.
რთულია რამე სანუგეშო უთხრა შვილებზე გადაყოლილ დედას, ერთადერთ დას, უახლოეს ადამიანებს და მის დიდ, ლამაზ სიყვარულს… მერამდენე დარტყმის, ტკივილის ატანა მოუხდა სასულიერო გიმნაზიას.
გვიმძიმს, ჩვენი კეთილი ბიჭი მასავით კეთილი სულის გიმნაზიელებს შეუერთდა მოწყალე უფლის იდუმალებით მოცულ სიყვარულის გზაზე. ღმერთს ვავედრებთ მათ უმწიკვლო სულებს. გვჯერა, მამუკას სული კეთილთა შორისაა და რომ, სიკეთე უსასრულოა, იგი ღვთისაგან მოდის და კვლავ უბრუნდება უფალს,_ წერს სოციალურ ქსელში ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ჩიბათელი მამუკა ლომაძე ემსხვერპლა. ავარიის დროს მანქანაში იმყოფებოდა კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომლის სიცოცხლესაც, საბედნიეროდ, საფრთხე აღარ ემუქრება.