„გურია ნიუსს“ ახლახან საბერძნეთიდან ქართველი დედები დუკავშირდნენ, რომლებიც სულ ცოტა, 15 წელია, უცხო ქვეყანაში საკუთარი ოჯახების გადასარჩენად გაუდგნენ გზას და დღემდე იქ მუშაობენ.
“არსებობისთვის და გადარჩენისთვის გადადგმული ნაბიჯი მძიმე, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი აღმოჩნდა ჩვენთვის. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ მეგონა არსებულ პრობლემას ორ_სამ წელიწადში მოვაგვარებდით და დავუბრუნდებოდით საყვარელ ოჯახს, მაგრამ მრავალი წელი გაფრინდა…თუმცა, გვჯერა, საქართველოსკენ გეზით, ჩვენი რეისიც აფრინდება… გილოცავთ დედის დღეს, გაზაფხულის შემოსვლას. გისურვებთ, მუდამ ისე გეღიმებოდეთ, რომ იმ ღიმილს მიღმა ტკივილი არ იმალებოდეს. ჩვენი ღიმილის მიღმა ცრემლის გუბეა…“_ გვწერს: ნანი გელენიძე, მზია დვალიშვილი, ნანული ბრეგაძე,ლია ბარქაია,ლალი ხაჩიძე,ლალი კოხრეიძე, ნანა ლომჯარია,მაია მამინაშვილი, ნინო დემეტრაშვილი, მარინა გოლიაძე ,გიული ბერუაშვილი..
ერთი მათგანი, ოზურგეთიდან წასული, სამი შვილის დედა მანანა ლომჯარიაა, თავისი ემიგრანტული ცხოვრების უჩვეულო ეპიზოდზეც გვიყვება, როცა, ასე ვთქვათ, როლები შეიცვალა და მას მასპინძელი მხსნელად მოევლინა.
„თავიდან იყო ტირილში გათენებული ღამეები, მონატრება, ენის ბარიერი, საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის ბრძოლა უცხო გარემოში, მაგრამ უფლის წყალობით გამიმართლა და იდეალური ოჯახი შემხვდა, სადაც ბებოს მომვლელად დავიწყე მუშაობა. შემდეგ აქაური მეგობრებიც შევიძინე. ერთი სული გვაქვს, როდის მოვა კვირა დღე, ერთმანეთს რომ შევხვდეთ და მოვეფეროთ ჩვენებურად, ქართულად. აქ არის არასამთავრებო ორგანიზაცია “ივერონი”, რომელსაც სათავეში უდგას არაჩვეულებრივი ქალბატონი, ნატალია კარანაძე მის მეუღლესთან დავით დოლიძესთან ერთად. მათი დახმარებით მოვილოცეთ უამრავი ეკლესია მონასტერი… ერთსაც გიამბობთ – მოხდა ისე, რომ მე თავად დამჭირდა ოპერაცია, რომელიც საუკეთესო ბერძენმა სამხედრო ექიმმა გამიკეთა. თან გადამყვნენ. როლები შეიცვალა _ უნდა ნახოთ, „ჩემი ბებო“ ახლა თავად როგორ მივლის და მოაქვს ჩემთვის ყავა და ჩაი… ცრემლს ვერ ვიკავებ. ადამიანობა, მოყვასის სიყვარული აუცილებლად გადაარჩენს მსოფლიოს. გილოცავთ დედის დღეს და გაზაფხულს, დაგველოდეთ, ჩვენ დავბრუნდებით,”_ ასე ემოციურად ამთავრებს ის წერილს.
„გურია ნიუსი“ ულოცავს ემიგრანტ ქალბატონებს დედის დღეს, რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს და „დაბნელებული წლების“ საქართველოს გადარჩენაში ლომის წვილი შეიტანეს. ვუსურვებთ, სამშობლოში მალე დაბრუნებას! გვჯერა, აქაც იტყვიან თავის სათქმელს!