საქართველოში რომ პროდუქტები ძვირია, ეს ხელისუფლებამაც აღიარა და მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის პირით განაცხადა, რომ ქვეყანაში სასურსათო ფასების სიძვირეს ევროპულთან შედარებით, განაპირობებს მაღალი ფასნამატი და მოგების მაღალი მარჟები.
ირაკლი კობახიძის მოთხოვნით, პარლამენტში სამომხმარებლო ფასების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიაც შეიქმნა. პირველ საორგანიზაციო სხდომაზე, რომელიც 4 თებერვალს გაიმართა, კომისიის წევრებმა პარლამენტის დროებითი კომისიის დებულება დაამტკიცეს.
დებულების თანახმად, კომისიის მიზანია “სასურსათო პროდუქტების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ზრდის სისტემური, კომპლექსური და ფაქტებზე დაფუძნებული შესწავლა, ფასების ფორმირების ობიექტური შეფასება და შესაძლო პრობლემური გარემოებების იდენტიფიცირება”.
კომისიას დეპუტატი შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც მილიონერ ბიზნესმენთა სიაში სამშენებლო ბიზნესიდან.
კომისიაში 14 წევრია.
“ოცნებიდან” კომისიის წევრები არიან: ნინო წილოსანი, ვატო თურნავა, მაია ბითაძე, პაატა კვიჟინაძე, ზაზა ლომინაძე და გელა სამხარაული.
კომისიაში სამი წევრი ეყოლება ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის”: გიორგი შარაშიძე, შალვა კერესელიძე, ქეთევან ბაკარაძე.
სამი წევრი ეყოლება “ხალხის ძალას”: გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და ეკა სეფაშვილი, რომელიც კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა.
ლანჩხუთელი ოპოზიციონერი კახა ასკურავა ზემოთ ნახსენები კომისიის შემადგენლობას და პარლამენტის ვიცე-სპიკერს ნინო წილოსანს აკრიტიკებს:
“როგორი უთავმოყვარო უნდა იყო, იმ პარლამენტში იჯდე, სადაც ე.წ “მაღალი ფასების შემსწავლელი 14 წევრიანი კომისია შეიქმნა” და ამ ე.წ. კომისიის წევრების ნახევარი მილიონერია!
უბრალოდ, “რუსული ოცნება” ხომ ეკაიფება საზოგადოებას, მარა ვინც ამ ყველაფერს “უპრავებს“, ის ბოლომდე იზიარებს ამ პასუხისმგებლობას! მართლა სირცხვილია!!! პ.ს. წილოსანს უთქვამს, “ნაცები” ბოლშევიკები არიან, მილიონერებს ებრძვიანო…” _ წერს კახა ასკურავა სოციალურ ქსელში და იქვე იმას ამბობს, რომ წილოსანი “ნაცების” დროს ნაშონ მილიონებს “ქოცებისგან” იცავდა“.
“ღმერთო, ჩამოი დაბლა, რაფერ უძლებ ამდენს??? ქალი იმიტომ გაქოცდა და სამშობლოს გაყიდვაზე აწერს ხელს, მიშას დროს ნაშონი მილიონები რომ დაეცვა “ქოცებისგან“… ადვოკატებად არც მეტი და არც ნაკლები _ ნიკა გვარამია და დათო კეზერაშვილი ჰყავდა და ნაცები ყოფილან მილიონერებთან მებრძოლი ბოლშევიკები, თურმე?! ამაზე გავჩერდები მაინც. მე ვიყო “ქოცი“, თუ ვინმეს რამე გაგიტაროთ, ვინც არ უნდა იყოს იგი!!! ჯერ სად ხართ: კეისარს კეისრისა!!!” _ დაწერა ასკურავამ.
ენმ-ის ლანჩხუთელი ლიდერის ამ განაცხადს ამას წინ ნინო წილოსანის ეს განცხადება უძღოდა:
“სასურსათო პროდუქციის, საწვავის და მედიკამენტების ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაიწყო. უკვე დადასტურებულად ბოლშევიკმა “ნაცებმა” პოსტი პოსტზე გამოაცხვეს _ კომისიის წევრების შემადგენლობაში მილიონერი დეპუტატები არიანო. ვინმეს გახსენდებათ იდეოლოგია, გარდა ბოლშევიზმისა, რომელიც სიმდიდრეს ებრძოდა?! “ცალი კალოშით” მოსული და ჯარის ფულით და ბიზნესის რეკეტით გამდიდრებული “ნაცებისგან” განსხვავებით, აქ ყველას შემოსავლების დასაბუთებული წარმოშობა აქვს. დასავლეთს, კაპიტალიზმს და ევროპულობას ამოფარებული ბოლშევიკური სლოგანები კი ძალიან კარგად ამხელს ამ აგენტურას“, _ დაწერა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ე.წ. “მაღალი ფასების შემსწავლელ” ჯგუფში 7 მილიონერია. მათ შორისაა დასახელებული პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი.
ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური ვითარება ყველაზე კარგად იმ ადამიანებმა იციან, ვისაც მიზერული ხელფასის ან პენსიის ხარჯზე უწევს თვიდან თვემდე თავის გატანა და უჭირთ დაჯერება, რომ ზემოთ ნახსენები კომისიის შექმნით პრობლემა მოგვარდება:
“მაძღარი მშიერს ნამცეცებს უყრიდა და ეძახდა, რა ღორულად ჭამო _ ასეა საქმე“;
“ფასებს და ადამიანების ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და მისგან გამომდინარე მოქალაქეთა თავისუფლებას, არეგულირებს სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა“;
“მილიონერი გაჭირვებულის მდგომარეობას ვერასდროს ვერ გაიგებს“;
“ფასების დარეგულირება მხოლოდ იმას შეეძლება, ვინც იცის, რომ 370 ლარი და 495 ლარი არ ეყოფა პენსიონერს“;
“კვერცხი ხომ გაიაფდა, რა დაუნახავები ვართ“;
“ეს მილიონერები რომ დანიშნეს კომისიის წევრებად, ეგენი როგორ მიხვდებიან ჩვეულებრივი ადამიანების გაჭირვებას?! ხელფასები ხომ მათხოვრულია, პენსიები კი სასაცილოა, სატირალი რო არ იყოს“, _ წერენ სოციალურ ქსელში ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად შეეხოთ ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური ვითარება.
ავტორი






































































