გურიაში კვლავ გადაუღებლად წვიმს, თუმცა წვიმა ამჯერად ძლიერი არ არის.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, როგორც აღმოჩნდა, ზარალი შედარებით ნაკლებია, გადაუღებელი, ძლიერი წვიმების გამო, ვიდრე ბარში.
_ღმერთს მადლობა, რომ ამჯერად ჩვენი სოფელი, ასე ვთქვათ, გადარჩა. მხოლოდ გზები დააზიანა ნიაღვარმა. არანაირი მეწყერული მოვლენა არ ყოფილა. ოთხი საათის განმავლობაში იყო შუქი გამორთული და როგორც კი დავრეკეთ, ოპერატიულად ამოვიდნენ ენერგოკომპანიის წარმომადგენლები და ახლა მოსახლეობას უწყვეტად მიეწოდება ელექტროენერგია. ამ დილითაც გადაუღებლად წვიმს. დილის 8 საათიდან გამოსული ვარ, დავდივარ უბნებში. ჯერჯერობით, საგანგაშო არაფერია, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მერის წარმომადგენელმა, მაია ჩავლეშვილმა.
მან თქვა ასევე, რომ დროებით შეწყვეტილი იყო წყალი. წყლის სათავე ნაგებობის გადაკეტვა, მისივე თქმით, ძლიერი წვიმის დროს, ყოველთვის ხდება, რომ წყლის მოვარდნილმა ნაკადმა არ დააზიანოს თავად ნაგებობა.
[sexy_author_bio]