ღორის ჭირი (აფრიკული ცხელება), რომელიც საქართველოში 2007 წელს გავრცელდა, მეტ-ნაკლები სიმწვავით, პერიოდულად თავს იჩენს ხოლმე.
_ კარგა ხანია, არ ყოფილა ღორის სიკვდილიანობის შემთხვევები. თუმცა, ამ ზამთარში და მას შემდეგ, ახლახანაც, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მრავალ ოჯახში დაეხოცათ ღორები.
მე, პირადად, მარტო დამარხვას ვერ ავუთავდი _ ორი მაკე ღორი და სამი ბურვაკი მომიკვდა. ახლახან მეზობლებსაც დაეხოცათ ღორები. რომ არ იჩინოს თავი პერიოდულად ამ ავადმყოფობამ, არ იქნება, _ გვითხრა სოფელ ნატანების მკვიდრმა თამაზ ტუღუშმა.
როგორც „გურია ნიუსს“ უთხრეს, სოფელ შემოქმედშიც იყო ანალოგიური ფაქტები.
_ კი, იყო, მოკვდა აქაც და მერე ერთს დამარხვაც შეეზარა. სადღაც ბუჩქნარში მკვდარი რომ ნახა, იქაურობას ცეცხლი მოუკიდა და ღორიც დაწვა, ეგონა.
თავიდანვე უნდა დაიმარხოს მკვდარი ღორი. ამჯერად კი გადავრჩით, მაგრამ ხომ უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ ელემენტარული უსაფრთხო და სანიტარული ზომები დროულად გაატაროს, _ გვეუბნებიან ადგილობრივები.
ავტორი






























































