საბერიოში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპულ ბავშვებს, ანა-მარია, ემილია, ნია, ელენე, სოფია ჭოლარიებს საგვარეულო სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.
ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურებენ და უსამძიმრებენ დაღუპული ბავშვების მშობლებს, ახლობლებს, სოფელს, სრულიად საქართველოს.
“ღვთისმშობელო, ანგელოზები მოდიან, შეაშველე შენი კალთა”.
“გაუსაძლისის გაძლების შესაძლებლობა მიეცი, ღმერთო, პატარა ანგელოზების მშობლებს”.
“შეჩერდით, დაფიქრდით, რა ღვთის რისხვა მოგვევლინა”;
“ღმერთო, სად იყავი ამ დროს?!”
“მშვიდობით, ჩვენო ანგელოზებო”. _ წერენ სოციალურ ქსელში.
9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს”,_ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ნათესავები, საბავშვო ბაღის, სკოლის პედაგოგები, კლასელები და ნათესავები ენგურის ხიდთან დილის 9 საათიდან შეიკრიბნენ და საბერიოში გადასასვლელად ჯერ შსს-ს, ხოლო შემდეგ თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო პუნქტზე შესაბამის შემოწმება გაიარეს. შემდეგ კი აფხაზურმა მხარემ საბერიოში მათი ტრანსპორტირება უზრუნველყო.