“უნდა ვიფიქროთ და არ დავასხათ წყალი იმ წისქვილზე, რომელიც რუსეთმა ააშენა გონივრულად.– ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
გია ვოლსკის განმარტებით, ამ ფაქტზე მეტი დაფიქრება და ანალიზია საჭირო.
„პირდაპირ ვიტყვი, ეს იყო პროვოკაცია, მაგრამ როგორ მოხდა, ამასთან დაკავშირებით მეტი დაფიქრება და ანალიზი გვმართებს, ვიდრე ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები. საზოგადოების დიდი თუ პატარა ნაწილი აღშფოთებულია, ამას არ აქვს მნიშვნელობა. არის მეორე ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას არ ადანაშაულებს, ვიღაც აქციას მართავს, მაგრამ ეს არ არის აუცილებლად იმის ინდიკატორი, რომ მართლაც ხელისუფლება გამოვიყვანოთ დამნაშავედ და რუსეთის წისქვილზე დავასხათ უფრო მეტი წყალი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
დღეს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და “ქართული ოცნების” წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.