დღეს, პროკურატურასთან მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის, ოჯახის წევრების, ნათესავების, ახლობლების და მხარდამჭერების მორიგი აქცია გაიმართა.
ჟურნალისტი, მარიამ ნიკურაძე ფეისბუქზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე 17 იანვარს შიმშილობას იწყებს.
„მოთხოვნებს დაემატა მთავარი პროკურორის გადადგომა, საქმის ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირება და ყველა მონაწილის დასჯასთან ერთად. ისინი კვლავ ითხოვენ საქმის მასალებზე სრულ წვდომას. დედამ, ეკატერინე კუპატაძემ, დღეს მოკლული შვილის თავდასხმის შედეგად დაზიანებული თავის ქალის სურათებიც მოიტანა და ადგილზე შეკრებილებს აჩვენა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ის აპირებს 17 იანვრიდან შიმშილობის დაწყებას. გუშინ პროკურატურამ მორიგი განცხადება გაავრცელა ამ საქმეზე, რომ ისინი მზად არიან, ოჯახის წევრებს შეხვდნენ და განუმარტონ “საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები”. ოჯახი მთავარ პროკურორთან ითხოვდა შეხვედრას, რაც არ მოხდა,“ – წერს ფეისბუქში მარიამ ნიკურაძე.
































































