“ჩვენთვის არც ერთი ხედვა არ იქნება მისაღები არც ერთ ეტაპზე, რომელიც არ ამოწურავს პოლიტპატიმრების მელია-რურუას და ვადამდელი არჩევნების საკითხს”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია მზად იყო, რომ კომპრომისზე წასულიყო.
„მინდა, შეგახსენოთ, რომ პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში, რომელსაც ჩვენ დავეთანხმეთ და ეს მედიატორი, დანიელსონი მიშელის წარმომადგენელია, მკაფიოდ წერია ორი საკვანძო საკითხი, პოლიტიკური საქმეები და ვადამდელი არჩევნები. დღევანდელ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე არანაირი გადაწყვეტილება არ არის. ეს „ქართული ოცნების“ პოზიციის გამო მოხდა. ამიტომ, ჩვენთვის ეს დოკუმენტი მთლიანად არ ამოწურავდა ვითარებას, მაგრამ ბუნებრივია, იმ საკითხებზე, რომლებზეც კარგად იყო ნამუშევარი, ვიყავით მზად, რომ კომპრომისზე წავსულიყავით, ვგულისხმობ დანარჩენ სამ საკითხს. „ქართულმა ოცნებამ“ ამ დოკუმენტს, რომელიც გამოქვეყნდა, ხელი არ მოაწერა. დოკუმენტში საერთოდ არ წერია არჩევნებზე არაფერი და ამიტომ არ არის ჩვენთვის მისაღები. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ისეთ შეთანხმებას მივაღწიოთ, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. ეს მდგომარეობა დამღუპველია ჩვენთვისაც და მათთვისაც“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.