,,ეს აბსურდის თეატრი, რომელსაც, რატომღაც, სასამართლო ჰქვია გრძელდება“, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან განაცხადა.
გიგი უგულავას განცხადებით, პოლიტიკური რეპრესიები ამ ქვეყანაში ივანიშვილთან ერთად დასრულდება, მაგრამ ,,სანამ ივანიშვილი იქნება, ეს გასართობი არ მოგვაკლდება”.
,, ეს აბსურდის თეატრია, რომელსაც რატომღაც სასამართლო ჰქვია გრძელდება. მე არ ვიცი, მზეთუნახავივით მალავენ ბადრი-საბა გავაშელიშვილს, წინაზე სკაიპით უნდოდათ დაეკითხათ და სადღაც ბუჩქებიდან ჩართეს. ახლა წინასწარ არ გვეუბნებიან, იძახიან ვიღაც ექსპერტებს მოვიყვანთო, რის ექსპერტები მოჰყავთ, ისიც არ ვიცით. ეს სიგიჟე გრძელდება და ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ სანამ ივანიშვილი აბასთუმნის ტყეებიდან მართავს ამ ქვეყანას რაიმე შეიცვლება სასამართლოში. სასამართლო იქნება თავისუფალი მხოლოდ კოალიციური მთავრობის პირობებში, სადაც მთავრობა იქნება შეზღუდული და მოსამართლეს ექნება თავისუფლება. სანამ არაფორმალურ მმართველებს თუ ტიტანებთან გათანაბრებულ პირებს ექნებათ ამბიცია, რომ ამ ქვეყანას ფლობენ, მანამდე სასამართლო იქნება ჯიბეში და ისეთი უმსგავსო, რასაც ვაკვირდებით ხოლმე. პოლიტიკური რეპრესიები ამ ქვეყანაში ივანიშვილთან ერთად დასრულდება, მაგრამ სანამ ივანიშვილი იქნება, ეს გასართობი არ მოგვაკლდება”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ცნობისთვის, ოპოზიციონერი პოლიტიკოს გიგი უგულავასთან დაკავშირებული ინციდენტი, თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.
ავტორი: მერაბ ცაავა