ყოველდღიურობა ბევრ რაღაცას თითქოს ჩვეულებრივს ხდის _ ურთიერთობებს, საქციელს, სიტყვებს. ალბათ, სხვადასხვა დღესასწაულსაც იმიტომ ვაწესებთ, რომ ამ დღეებში მაინც მოვიცალოთ ყველაზე მნიშვნელოვანზე დასაფიქრებლად.
3 მარტი დედის დღეა და ძალიან კარგია, რომ ეს დღე არსებობს. დილიდან ვიწყებ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ადამიანზე ფიქრს, ზრუნვას; სურათებად მახსენდება მასთან გატარებული ბედნიერი წუთები, წლები და საოცრად მიხარია, რომ ეს ამბები დღესაც გრძელდება. ვიხსენებ დღეებს, როდესაც ყველაფრისგან დაღლილი დედასთან გავრბივარ, იმიტომ, რომ ვიცი, ის ყველა შემთხვევაში უპირობოდ მიმიღებს. ყველაზე რთულ მომენტებშიც კი სჯერა ჩემი, იცის, როგორ გამამხნევოს, როგორ მაპოვნინოს ჩემს თავში ძალა, რომ ფეხზე დავდგე და ბრძოლა განვაგრძო.
დღემდე გულწლრფელად და ბავშვურად მჯერა, რომ ქვეყნად საუკეთესო დედა მე მყავს. ძალიან ძლიერია, საოცარ სითბოს ატარებს და ზრუნავს, მგონი, ყველაზე. ყოველთვის მიკვირდა და ახლაც მიკვირს, რა ენერგია აქვს, და როგორ არ იღლება. მერე ვფიქრობ, რომ დაღლას, ალბათ უბრალოდ, არ გვაჩვენებს ჩვენ, შვილებს, შვილიშვილებს, მეგობრებს.
ჩემთვის ის დღემდე ადამიანობის და დედობის საუკეთესო მაგალითია. დღესაც ბევრ რამეს ვსწავლობ მისგან და სულ მინდა, რომ ჩემით ამაყობდეს. ახლა, როცა მეც დედობის საკმაოდ დიდი სტაჟი მაქვს, ვხვდები, რა განუმეორებელი გრძნობაა, როცა შვილით ამაყობ და ახლა უფრო მეტად მინდა, რომ ჩემ გამო ხშირად უბრწყინავდეს თვალები და ხშირად იღიმებოდეს.
ეს ჩემი ამბავია, ჩემთვის ძვირფასი და უმნიშვნელოვანესი, თუმცა ვიცი, რომ თითოეულ თქვენგანს ზუსტად ასეთივე ისტორიები აქვს დედასთან დაკავშირებით. ისინი მართლაც განუმეორებელი და განსაკუთრებულები არიან. ვულოცავ ყველა დედას ამ დღეს. ვუსურვებ, რომ ბედნიერები იყვნენ, რომ არასდროს ეტკინოთ და სულ უხაროდეთ.
გილოცავ დედა! გილოცავთ დედებო! (R)
ნინო წილოსანი, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი