ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის მთავარ მწვრთნელს გიორგი ჩხაიძეს მიღწეული წარმატებები დაუფასდა და როგორც ინფორმაცია გავრცელდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მას ქალთა ეროვნული ნაკრები გუნდის ხელმძღვანელობა ჩააბარა.
„თავს არ დავზოგავ, ვეცდები, რომ იმედები გავამართლო” _ ამბობს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩხაიძე.
„პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რადგან ნდობა გამომიცხადეს. ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის და ნამდვილად დიდი გამოწვევაა, ამ გამოწვევაზე საპასუხოდ დრო დამჭირდა, ასეთ ნაბიჯს დაუფიქრებლად ვერ გადადგამ, რადგან შენს უკან შენი ქვეყანა, შენი ნაკრები დგას და ორმაგი პასუხისმგებლობაა. ვეცდები, რომ იმედები გავამართლო. თავს არ დავზოგავ შრომისთვის. ჩვენი მიზანი იქნება შედეგის გაუმჯობესება, ვეცდებით ყველანაირად დღითიდღე მოვუმატოთ. მეტი ქულები დავაგროვოთ და მეტმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიიღოს მონაწილეობა, გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად“ _ „ლანჩხუთისა“ და აწ უკვე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჩხაიძის კომენტარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ცნობისთვის, გიორგი ჩხაიძის დამოძღვრილმა ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდმა გასულ სეზონში სენსაცია მოახდინა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, რის შემდეგ იგი ქვეყნის წლის საუკეთესო მწვრთნელადაც აღიარეს.