საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია ,,მწვანეების“ თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე მიხეილ სააკაშვილს რუსეთის აგენტობაში სდებს ბრალს. როგორც მმართველი გუნდის წევრი აცხადებს, საქართველოში მიხეილ სააკაშვილი რუსეთის აგენტად მუშაობდა. მისი თქმით, სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა პასუხი კანონის წინაშე სამართლებრივად უნდა აგონ.
,,უკრაინის გენპროკურორის განცხადება, იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი რუსეთის აგენტია არ გამკვირვებია. ჟვანიას საეჭვო გარდაცვალების შემდეგ, პარტიაში მივხვდით, რომ სააკაშვილი რუსეთისთვის მუშაობდა საქართველოშიც. სააკაშვილმა უამრავი სამრეწველო ობიექტი რუსებს გადასცა. გარდა ამისა, კარგად ვიცით, როგორ განალაგა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლის შემდეგ სამხედრო ბაზები სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. იგივე ხდება ახალა უკრაინაშიც. კარგი იქნება თუ სააკაშვილის ექსტრადაცია მოხდება საქართველოში, იმიტომ, რომ მან პასუხი უნდა აგოს საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციის შესუსტებასა და რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიების გადაცემისთვის. ბოლოს, სააკაშვილმა პრობლემა შეუქმნა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებს, ამიტომ თავის მოკავშირე მეგობრებთან ერთად აუცილებლად უნდა დაისაჯოს“ , _ განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.