შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესების წარმომადგენლები უსმენენ. გიორგი გახარიამ დეპუტატებს მადლობა გადაუხადა შესაძლებლობისთვის და ასევე, განაცხადა რომ მისთვის არასდროს ყოფილა პარლამენტში მისვლა პრობლემა.
„ ბატონო თავმჯდომარე, პატივცემულო პარლამენტარებო, ქალბატონებო და ბატონებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ შესაძლებლობისთვის კიდევ ერთხელ მოგმართოთ თქვენ, საქართველოს პარლამენტს და მინდა გითხრათ აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ჩვენთვის არასოდეს ყოფილა პრობლემა პარლამენტში მოსვლა. ჩვენ არასოდეს შეგვშინებია მწვავე კითხვებისთვის და მწვავე დისკუსიების. რაც მთავარია, ჩვენ ყოველთვის გვესმოდა პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქცია და პატივს ვცემთ ინტიტუტებს. სწორედ ამიტომ, დღეს აქ ვართ, რომ პასუხი გავცეთ ერთი წლის განმავლობაში დაგროვილ მწვავე შეკითხვებს. აბსოლუტურად მზად ვართ ასევე, დისკუსიისთვის.
ზუსტად 1 წლის წინ, ჩვენ აქ ავიღეთ გარკვეული ვალდებულებები 2018 წელზე და თავს ვალდებულად ვთვლით, გარკვული ანგარიში ჩავაბაროთ პარლამენტს. გპირდებით, რომ ეს იქნება სტრუქტურირებული, ძალზედ მოკლე, კონკრეტულ შედეგებზე და კონკრეტულ გეგმებზე ორიენტირებული მოხსენება.
ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი დისკუსიისთვის, მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ და არც ფსევდო ინტელექტუალური, ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ რეჟიმში ჩვენ შევძლებთ დავამყაროთ დიალოგი იმისთვის, რომ გამოვავლინოთ რეალური გამოწვევები, როგორც სამინისტროს ასევე, ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე.
ჩვენ საუბარი დავიწყეთ ერთი წლის წინ და მაშინ განვაცხადეთ, რომ აუცილებლობას ვხედავთ სისტემური რეფორმირების და ამ რეფორმირების ნაწილში, ჩვენ გამოვყავით რამდენიმე ძირითადი მიმართულება: ეს გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული რეფორმირება, შინაარსობრივი რეფორმა, საკანონმდებლო რეფორმა და რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა. ამიტომ, მე აბსოლუტურად მოკლედ ვეცდები მოგახსენოთ 2018 წლის კონკრეტული მიღწეული შედეგები, რომელიც უკვე გვაქვს და ის კონკრეტული მიზნები, რომელიც 2019 წლისთვის გვაქვს დასახული.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.