რამდენიმე წუთში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თეთრი ხმაურის მოძრაობისა და აქციის წარმომადგენლებს შეხვდება. ამის შესახებ ცნობილი მინისტრსა და მოძრაობას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა, როდესაც გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებს გამომსვლელთა ტრიბუნიდან მიმართა.
“მე გპირდებით, ხვალ 10 საათიდან, თქვენს წარმომადგენელთან ერთად დეტალურად განვიხილავთ პარასკევის ყოველ წუთს”, _ განაცხადა მინისტრმა.
მინისტრსა და მოძრაობის წევრებს შორის შეხვედრა საათზე მეტი გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიღწეული შეთანხმებები აქციის მონაწილეებს მოძრაობის წევრმა ბექა წიქარიშვილმა გააცნო, თუმცა მინისტრის შეთავაზებები თხმ-ს წევრთა და აქციის მონაწილეთა ერთ ნაწილს არ მოეწონა და უკმაყოფილება გამოთქვეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს შს მინისტრმა მიმართა, მათ ბოდიში მოუხადა და პირობა დადო, რომ დანაპირები შესრულდება. საბოლოოდ, თეთრი ხმაურის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიიდან ავტობუსებით გაიყვანეს.
თეთრი ხმაურის მოძრაობამ აქციის დასასრულს განაცხადა, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში შს სამინისტროსა და მინისტრის მიერ დანაპირების შესრულებას დააკვირდებიან, ამასთან შემდეგ შაბათს მორიგი აქცია დააანონსა.
ამის ფონზე მიმდინარეობდა კონტრაქციაც, რომელსაც მალევე ქართული მარში შეუერთდა. თხმ-ის აქციის დასრულების მიუხედავად, ნეონაცისტური ჯგუფები პარლამენტის ტერიტორიას არ ტოვებდნენ. ამასთან, მთელი დღის განმავლობაში მათსა და პოლიციას შორის, რომელიც თეთრი ხმაურის აქციას იცავდა, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა – ისინი პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. პოლიციამ 10-მდე ადამიანი წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში 12-13 მაისს თეთრი ხმაურის მოძრაობამ და ახალგაზრდებმა აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 11 მაისის ღამეს, თბილისის ღამის კლუბებში შსს-მ სპეცოპერაციები ჩაატარა. შედეგად 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს, რომალთა აღკვეთის ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.