ბატონო ლევან, არც მიფიქრია თქვენთვის ბოდიშის მოხდა, მირჩევნია, ჯარიმა გადავიხადო, ვიდრე ბოდიში მოგიხადოთ, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძეს, რომელმაც პარლამენტის სხდომაზე აღნიშნა, რომ გახარიას ბოდიში არავის სჭირდება.
ლევან კობერიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პოპულიზმში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მისი გამოსვლა მოსაწყენი იყო.
„ბევრი ეცადეთ, რომ აქცენტები გაგეკეთებინათ, მაგრამ კითხვებზე პასუხს გაურბიხართ. თქვენ დეპუტატის შეკითხვას უნდა უპასუხოთ. თქვენი ბოდიში არავის სჭირდება“, – მიმართა კობერიძემ გიორგი გახარიას.
გიორგი გახარიამ ლევან კობერიძეს უპასუხა და აღნიშნა, რომ დეპუტატის პათეტიკა მისთვის გასაგებია.
„ბატონო ლევან, მესმის თქვენი პათეკიტა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ სხვადასხვა პარადიგმიდან ვუყურებთ თემას. მე ვუყურებ სისტემას და თქვენ უყურებთ პოლიტიკური კონიუქტურიდან მაქსიმალური შედეგის მიღებას, რაც პოლიტიკოსისთვის გასაგებია. ეს არის და ეს სხვა სხვაობა. მე პერსონალიებს თემას არ ვუყურებ, მე ვუყურებ სისტემას. თქვენთვის პერსონალიების თემა პოლიტიკურად უბრალოდ მომგებიანია. იმას კი არ ვამბობ, რომ პრობლემა არ არის. თქვენ ამ საკითხის პოლიტიკურად წარმოჩენა უფრო გაწყობთ. გავიგე, მისაღებია. ჩემი მიდგომა არის სისტემური, მე ვზრუნავ სისტემაზე, ვცდილობ, რომ სისტემის პროგრესი დავინახო. ბატონო ლევან, არც მიფიქრია თქვენთვის ბოდიშის მოხდა, მირჩევნია ჯარიმას გადავიხდი ვიდრე ბოდიში მოგიხადოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
1tv.ge