დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, პოეტი გიორგი კეკელიძე თავის მშობლიურ, ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლას სტუმრობდა.
მან საგანმანათლებლო მოძრაობა #ეკვილიბრიუმის და ფონდ “გურული დღიურების“ ფარგლებში სკოლას საჩუქრად წიგნები გადასცა.
წიგნების გადაცემის ცერემონიამდე #1 საჯარო სკოლის დირექციამ და მოსწავლეებმა გიორგი კეკელიძეს სიუპრიზი მოუწყვეს და მის შესახებ პრეზენტაცია მოაწყვეს.
#1 საჯარო სკოლის დირექტორის მაია თავართქილაძის თქმით, მათთვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რადგან ბიბლიოთეკის განახლებაში ამავე სკოლის კურსდამთავრებულმა მიიღო მონაწილეობა.
“სასიხარულოა და მისასალმებელია ის ფაქტი, რომ გიორგი კეკელიძემ თავისი მშობლიური სკოლის ბიბლიოთეკის განახლებაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი ცნობილია ქველმოქმედებით და დღეს #1 სკოლას საჩუქრად წიგნები გადასცა“, _ გვითხრა მაია თავართქილაძემ.
გიორგი კეკელიძის თქმით, მისთვის საამაყოა სკოლის ბიბლიოთეკის განახლებაში მონაწილეობის მიღება.
“ ჩემთვის საამაყოა, რომ სკოლის ბიბლიოთეკის განახლებაში ვიღებ მონაწილეობას. ამ ეტაპზე ჩამოვიტანეთ 200 წიგნი, მაგრამ მომავალში დაგეგმილია ეს რიცხვი გაიზარდოს და კიდევ ჩამოვატანოთ წიგნები. ასევე, ვაპირებთ უახლოეს მომავალში ბიბლიოთეკა კომპიუტერებით აღიჭურვოს“, _ თქვა გიორგი კეკელიძემ.