„საქართველო შეირჩა როგორც ქვეყანა, რომელმაც კონკრეტულ, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ადამიანის უფლებათა განმტკიცების პროცესში და ამ მიმართულებით, განაგრძობს ძალისხმევას. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში იქნება ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის ამ ინიციატივაში მიიღებს მონაწილეობას. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა რეკომენდაციის სახით თავად გამოყო ის სფეროები, რომელთა გატანაც, მისი მოსაზრებით, შესაძლებელია „ექსპორტზე“, მათ შორის ერთ- ერთი არის პენიტენციურ დაწესებულებებში გატარებული რეფორმები და წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრა.“– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ მინისტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს პენიტენციურ სფეროში გაწეული სამუშაოთვის და რეფორმების აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო კახა კახიშვილს შესრულებული სამუშაოსთვის, მის მიერ ჩატარებული რეფორმების აღიარებისთვის. ამ ინიციატივაში საქართველოს მიწვევა არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის პოზიტიურად წარმოჩენას, პოზიციების განმტკიცებას საერთაშორისო ასპარეზზე. მოხარული ვარ, რომ გვექნება შესაძლებლობა სხვა ქვეყნებს გავუზიაროთ ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების პოზიტიური მაგალითები“.- განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ შედგა საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი, რომელიც კიდევ ერთი დასტურია -ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის. „ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სტავროს ლამბრინიდისის მიერ საქართველოში ვიზიტის დროს წარმოდგენილი ინიციატივის – ,,ადამიანის უფლებების დაცვის პოზიტიური მაგალითები“ (Good Human Rights Stories) ფარგლებში, საქართველომ სხვა წარმატებულ 15 ქვეყანასთან ერთად მიიღო წინადადება, მთელს მსოფლიოში, სახელმწიფოებს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება. – აღნიშნა პრემიერმა. (R)