გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებას EURONEWS ეხმაურება.
როგორც მაუწყებელი აღნიშნავს, კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების ფონზე მიიღო.
„ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. კონკრეტულად საუბარია ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ.
მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსხვავებული მოსაზრებები გვქონდა ჩემსა და პარტიის თავმჯდომარეს შორის რიგ ფუნდამენტურ საკითხებზე.
ვფიქრობ, ახლა არის მომენტი, როცა პარტიის ხელმძღვანელს უნდა მიეცეს საშუალება შექმნას ახალი კაბინეტი“,_განაცხადა კვირიკაშვილმა.
ივანიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი პოლიტიკაში მაისში დაბრუნდა, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერი გახდა.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა მთელი მინისტრთა კაბინეტის გადაყენებას იწვევს. ეს ნიშნავს, რომ მმართველი პარტია ახალი კაბინეტის წევრების სიას შვიდ დღეში შეიმუშავებს.
EURONEWS აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომას წინ საპროტესტო აქციები უძღოდა.
ანტისამთავრობო აქციების ტალღა 31 მაისს დაიწყო, დეკემბერში 2 მოზარდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 2 ახალგაზრდა მამაკაცის განაჩენის გასაპროტესტებლად. აქციის ერთ-ერთი ლიდერი ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ, ამბობდნენ, რომ მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირები სასჯელს გაექცნენ, რადგან მათი ნათესავები პროკურატურაში მუშაობენ.
ანტი სამთავრობო აქციის ათობით მონაწილე ორშაბათს ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
მაისის დასაწყისში თბილისში პარლამენტის შენობის წინ ათასობით მომიტინგე შეიკრიბა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. მათი პროტესტი ღამის კლუბ ბასიანის და კაფე გალარეას ძალადობრივმა დარბევამ გამოიწვია, რომელთა მფლობელები, ასევე ბასიანის 60-მდე სტუმარი, სცემეს და დააკავეს.
რეიდი იმ მოტივით გახორციელდა, რომ ღამის კლუბებია პასუხისმგებელი თბილისში ნარკოტიკების მოხმარების შედეგად გამოწვეულ სიკვდილზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მომიტინგეებს ბოდიში მოუხადა.