საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, სერგეი იარავოის შეხვდა.
გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უკრაინის მხარესთან თავის კომპეტენციაში შემავალ ყველა ძირითად სფეროში გაფორმებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებები. ახლა უკვე მთავარია, მოვახდინოთ ამ ხელშეკრულებების იმპლემენტაცია და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს შსს-ს აკადემიის საერთაშორისო ტრენინგ-პროექტზეც, რომლის ფარგლებშიც, რეგიონისა და მეზობელი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხზე ერთობლივი სწავლებები განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს, დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის უზრუნველყოფისთვის, ერთიანი მიდგომის შემუშავებას, ასევე, მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებას.