გიორგი მიქაუტაძემ კომენტარი გააკეთა საფრანგეთის ლიგა 2-ში „სენტ ეტიენთან“ ჩატარებულ შესანიშნავ თამაშზე, სადაც საქართველოს ნაკრების ფორვარდმა დუბლი შეასრულა და „მეცის“ გამარჯვებაში (3:1) გადამწყვეტი როლი ითამაშა. ამავე დროს ისაუბრა იმ ჟესტზე, რომელმაც მასპინძელთა ფანები გააღიზიანა.
„ვიცით, რომ „სენტ ეტიენი“ ლიგა 2-ში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, მაგრამ ჩვენ მოედანზე მოსაგებად და სამი ქულის მოსაპოვებლად გავედით. ეს მოვახერხეთ და ამით ბედნიერი ვარ.
პირველი გოლისას მივხვდი, რომ გვერდზე უნდა გავწეულიყავი, ჩემთვის ბურთი რომ მოეცათ. საერთოდ ვცდილობ, ბევრი ვიმოძრაო, თამაში გავამრავალფეროვნო, რადგან ასე მცველებს საქმეს ვურთულებ, ამაზე ბევრს ვმუშაობ.
რაც შეეხება გულშემატკივართა რეაქციას – ლიონელი ვარ და როდესაც სენტ ეტიენში ვთამაშობთ ყველამ ვიცით, რომ ამ ორ კლუბს შორის დიდი კონკურენციაა. თამაშს ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ და მსურდა, ისინი გამებედნიერებინა. ვფიქრობ, ეს მოვახერხე“, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.
22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა საფრანგეთის ლიგა 2-ში გამართულ 30 მატჩში 19 გოლი გაიტანა, შვიდი საგოლე პასი შეასრულა და კონკურენტს, „სენტ ეტიენის“ თავდამსხმელს, ჟან-ფილიპ კრასოს (16 გოლი, 9 საგოლე პასი) უკვე 3 გოლით ასწრებს.
1tv.ge