,პოლიტიკა მარტო პოლიტიკოსების საქმე არაა, ჩვენც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ პოლიტიკოსებს როგორც სამოქალაქო ორგანიზაციებიდან, ისე სხვადასხვა პრატფორმიდან.“ – ამის შესახებ „მთავარი არხის“ მეწილემ გიორგი რურუამ საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა
მისი თქმით, შეწყალებას არ ელოდა.
„მე ვარ აქტიური მოქალაქე, დავრჩები აქტიურ მოქალაქედ. პოლიტიკა მარტო პოლიტიკოსების საქმე არაა, ჩვენც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ პოლიტიკოსებს როგორც სამოქალაქო ორგანიზაციებიდან, ისე სხვადასხვა პლატფორმიდან.
არ ველოდი შეთანხმების შესრულებას და ეს გასაგებია რატომაც – 20 ივნისის მერე ძალიან ბევრჯერ მოუწიათ ტყუილის თქმა და სიტყვის გატეხვა და თქვენც არ ენდობით მათ, ვინც რამდენჯერმე სიტყვას გატეხავს. შეწყალებით, მე მგონი, თავისი დანაშაული გამოასწორეს“, – განაცხადა გიორგი რურუამ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.
„მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!
ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში!
ყველას გისურვებთ წარმატებას!“, – დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა,2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
2020 წლის 30 ივლისს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ რურუა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა.




































































