ამ ეტაპზე, მედიისთვის არ არის ცნობილი, ჩატარდება თუ არა საქართველოს სახალხო არტისტის, ქორეოგრაფის, ლოტბარის გიორგი სალუქვაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალი, დაახლოებით, 12 წელზე მეტია, რაც ტარდებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
წელს 2-4 ივლისს ახალი ფოლკლორი ფესტივალი „ჩვენ მშვიდობა“ გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, ერთი დღის განმავლობაში ფოლკლორული ანსამბლები მიწვეული იყვნენ გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმში.
როგორც „გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, გიორგი სალუქვაძის ოჯახის წევრებს ამ ეტაპზე არ აქვთ სრული ინფორმაცია, გაუქმდა თუ არა ტრადიციული ფესტივალი და აქედან გამომდინარე, ამ დროისთვის არ აპირებენ მედიასთან კომენტარის გაკეთებას.
ჩვენთვის ასევე ხდება ცნობილი, რომ ახალი ფესტივალის _ „ჩვენ მშვიდობა“ ერთ-ერთი დამფუძნებელი არის ქორეოგრაფი მერაბ მორჩილაძე, რომელმაც, თავის დროზე, გიორგი სალუქვაძის სახელობის ფესტივალის დაარსებაში მიიღო მონაწილება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში ამ ეტაპზე ვერ მივიღეთ პასუხი, ჩატარდება თუ არა წელს გიორგი სალუქვაძის სახელობის ფესტივალი.
„ფესტივალის გაუქმების შესახებ საუბარი სამი დღეა მიმდინარეობს. ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია საერთაშორისო (და არა მხოლოდ) ფესტივალების მხარდაჭერა. საერთაშორისო ფესტივალის „ჩვენ მშვიდობას“ საინიციატივო ჯგუფმა ღონისძიების ჩატარების პროექტით მომართა მერიას და პროექტი განხილვის შემდეგ მხარდაჭერილი იქნა. რაც შეეხება გიორგი სალუქვაძის საერთაშორისო ფესტივალს და სხვა სახელობით ფესტივალებს – არ არის მუნიციპალიტეტის დაფუძნებული და არცერთ საინიციატივო ჯგუფს სხვა ფესტივალებთან დაკავშირებით არ მოუმართავს ჩატარების წინადადებით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს კარგი ინიციატივების მხარდაჭერას კულტურულ–შემოქმედებით სფეროში და შეიტანს საკუთარ წვლილს კულტურის სფეროს განვითარებაში“, _ აღნიშნავენ, ოზურგეთის მერიაში.
ავტორი