გიორგი შაქარაშვილი 20 წლის გახდებოდა… _ ამის შესახებ საფეხბურთო კლუბი საბურთალო ფეისბუქის გვერდზე წერს.
ზეცად ამაღლებული, ყველასათვის საყვარელი ჭაბუკი, ვინც ძალიან მცირე ხანს იცხოვრა, მაგრამ დიდზე-დიდი სიყვარული დატოვა.
გიორგი “საბურთალოს” დიდი ოჯახის ღირსეული წევრი იყო, ჩვენს გულებში ის ყოველთვის იცოცხლებს, მის ხსოვნას დავიწყება არ უწერია! _ წერია კლუბის ფეისბუქგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის გიორგი შაქარიშვილი 2020 წლის 19 ივნისის ღამით გაუჩინარდა.
ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
მოგვიანებით კი გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება გადააკვალიფიცირა და არსებულ მუხლებს ყველაზე მძიმე, 109-ე მუხლი დაემატა, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე 12 პირი დააკავეს, ხოლო 109-ე მუხლით – 5.
პროკურატურამ 11 იანვარს კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, უტყუარად დადასტურდა მკვლელობამდე მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა.
ძალადობაში ბრალდებული 3 პირი კი 11 იანვარს სასამართლომ 1000-1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.