თავდასხმა “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე – გადამდგარი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს და არხის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდა.
კაცმა გაიტაცა “ტვ პირველის” კამერა და ჟურნალისტის მობილური ტელეფონი. შემთხვევა მარტყოფში რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
“ტვ პირველის” გადამღები ჯგუფი ყოფილი მაღალჩინოსანის სახლთან მას შემდეგ მივიდა, რაც გიორგი შინჯიკაშვილმა სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, რომ თანამდებობას ტოვებს.
მარიამ მაკასარაშვილი, რომელმაც რედაქციასთან დარეკვა მოახერხა, პირდაპირ ეთერში ჰყვება, რომ ყოფილი ვიცე გუბერნატორის მამასთან ინტერვიუ ჩაწერა, კაცმა უთხრა, რომ შვილის გადადგომის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გაიგო, ამის შედეგ კი ის აგრესული გახდა და თავს დაესხა ადგილზე მყოფ გადამღებ ჯგუფს:
გიორგი შინჯიკაშვილის საცხოვრებელ სახლში მას შემდეგ მოვედით, რაც ვიცეგუბერნატორმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ტოვებდა თანამდებობას.
ბუნებრივია, მასთან არსებობდა კითხვები და სწორედ ამ კითხვების დასასმელად მოვედით მის საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდნენ გიორგი შინჯიკაშვილის ოჯახის წევრები.
ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია შინჯიკაშვილის მამასთან, ჩავწერეთ ინტერვიუ – მამამ თქვა, რომ რამდენიმე წამის წინ გაიგო ინფორმაცია, რომ მისმა შვილმა დატოვა თანამდებობა.
როდესაც ჩვენ ვტოვებდით მიმდებარე ტერიტორიას და ვიღებდით მასალას, გიორგი შინჯიკაშვილის მამა მოულოდნელად გახდა აგრესიული ჩემი და ჩემი ოპერატორის მიმართ. ის გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე – თავდაპირველად ჩემს ოპერატორს წაართვა ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა – კამერა, რომლითაც ვიღებდით, ვწერდით ამ ინტერვიუს.
ამის შემდეგ, როდესაც დამინახა, რომ ოპერატორის გვერდით ვიდექი და ხელში მეჭირა ჩემი კუთვნილი მობილური, ეს მობილურიც გამომართვა და გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ ხელიც კი გამარტყა…
სახეზე დაზიანებები აღგვენიშნება მეც და ჩემს ოპერატორსაც, კამერაც იყო დაზიანებული, მოტეხილი ჰქონდა ნაწილები და ასე შეიტანა სახლში – თქვა ჟურნალისტმა, მარიამ მაკასარაშვილმა.
“ტვ პირველმა” ადგილზე პოლიცია გამოიძახა, თუმცა ამ დრომდე დანაშაულის ადგილზე ვახო გომელაურის უწყების წარმომადგენლები არ გამოჩანილან.
სრული განუკითხაობა ქვეყანაში!
თავდასხმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე. გადამდგარი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა ქალ ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშივლს. წაართვა მობილური ტელეფონი და გაიტაცა ტვ პირველის სატელევიზიო კამერა.
პოლიცია დანაშაულის ადგილზე ჯერ არ მისულა”- დაწერა სოციალურ ქსელში “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ.
გიორგი შინჯიკაშვილი, რომელსაც დაპირისპირება აქვს გდდ-ს უფროსთან, ზვიად ხარაზიშვილთან
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგა.
შინჯიკაშვილი ამტკიცებს, რომ თანამდებობას პირადი გადაწყვეტილებით ტოვებს, თუმცა მიზეზებზე არაფერს ამბობს.
წყარო: tv pirveli

































































