თბილისის საქალაქო სასამართლომ ძებნაში მყოფ დათა ახალაიას 10 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შთანთქვის მექანიზმის გათვალისწინებით კი საერთო ჯამში პატიმრობა შვიდი წლითა და ექვსი თვის ვადით განესაზღვრა.
მოსამართლე, ნინო ნაჭყებიამ გადაწყვეტილება დაცვის მხარის დაუსწრებლად გამოაცხადა. ყოფილი მაღალჩინოსანი კი დღემდე ძებნაში იმყოფება.
გამოძიების თანახმად, 2006 წელს სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორების ბრძანება კუდ-ის მაშინდელმა უფროსმა დათა ახალაიამ გასცა. მოსამართლის გადაწყვეტილებით ახალაიას ბრალი მიუძღვის არაერთ ეპიზოდზე მათშორის გირგვლიანი – ბუხაიძისა და აბულაშვილი- დაბრუნდაშვილის ეპიზოდებზე.
2017 წლის 21 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დათა ახალაია დამნაშავედ ცნო ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
დათა ახალაიას განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, 2 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება.