შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ზ.მ. და 1978 წელს დაბადებული ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.მ.-მ თბილისში, გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე, მეგობართან – ბრალდებულ ი.ნ.-სთან ერთად, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თავისი ნათესავის – 1984 წელს დაბადებული ი.მ.-ის და მისი მეგობრის – 1985 წელს დაბადებული ვ.ა.-ს მიმართულებით იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლისას დაზიანდა ი.მ-ის კუთვნილი ავტომობილი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა პოლიციამ ორივე პირი მომხდარიდან მალევე- რამდენიმე საათში, თბილისში დააკავა.
სამართალდამცველებმა ზ.მ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღები.
დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.