საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე რამდენიმე დღის წინ დაღუპული შოთა ქარსელაძის ოჯახს უსამძიმრებს და ამბობს, შოთასნაირი ადამიანები უფლის სავანის მკვიდრნი ხდებიან. ამის შესახებ პატრიარქის მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნული.
„დიდია განსაცდელი, რომლის წინაშეც თქვენ აღმოჩნდით, მაგრამ შოთას მიერ გადადგმული ნაბიჯი, მთელი მისი ცხოვრების მწვერვალია. უფალი ბრძანებს: ,,არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის (ინ.15:13). ბუნებით ისედაც გამორჩეულმა, სამშობლოს გულშემატკივარმა შოთამ ამის მაგალითი უჩვენა საზოგადოებას.
თქვენ გლოვა არ გმართებთ, რადგან ასეთნი უფლის სავანის მკვიდრნი ხდებიან; ,,პატიოსან არს წინაშე ღვთისა სიკვდილი წმიდათა მისთა,“ – აღნიშნულია წერილში.
შეგახსენებთ, ორთაჭალაში, მტკვარში 14 წლის გოგოს გადასარჩენად 27 წლის შოთა ქარსელაძე გადახტა. გავრცელებული ინფორმაციით ქარსელაძემ ცურვა არ იცოდა. მან გოგონას გადარჩენა შეძლო, თუმცა თავად ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
შოთა ქარსელაძეს დღეს დაკრძალავენ.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს გარდაცვლილი შოთა ქარსელაძის ოჯახს.