საპენსიო სააგენტოს განცხადებით, 2024 წლის დეკემბრიდან მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ნათქვამია საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
გავრცელებული ცნობით, გოგა კარიერას კერძო სექტორში, ცენტრალურ აზიაში გააგრძელებს. საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობას ლევან ვერძეული შეასრულებს, რომელიც საპენსიო სააგენტოში 2020 წლიდან საინვესტიციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს.
“საინვესტიციო საბჭო მადლობას უხდის გოგა მელიქიძეს ხუთწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის, მისი უაღრესად მნიშვნელოვანი როლისთვის, როგორც საინვესტიციო შედეგების, ისე მაღალი კომპეტენციის გუნდის ჩამოყალიბებასა და მართვაში”,- განაცხადა საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარემ, ოლივიე რუსსომ.
“გოგა მელიქიძე საპენსიო სააგენტოს 2020 წლის აპრილიდან შემოუერთდა და მისი ხელმძღვანელობით საინვესტიციო გუნდმა გადამწყვეტი როლი ითამაშა საპენსიო რეფორმის წარმატებით განხორციელებასა და საპენსიო აქტივების გონივრულ მართვასა და ინვესტირებაში.
საპენსიო სააგენტოს გუნდი მადლობას უხდის გოგა მელიქიძეს მნიშვნელოვანი წვლილისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში. სააგენტოში მუშაობის პერიოდში საპენსიო აქტივების მოცულობამ 6.0 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო საინვესტიციო მოგება 1.4 მილიარდ ლარს აღემატება”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.