კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი, ბაია პატარაია, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„16 წლის გოგო მოიტაცეს, დამალეს, მეორე დღეს მამა და ოჯახი მიადგა, პოლიციაც მიიყვანეს და იქ თავი გადაიგლიჯეს ნათესავებმა: “არ დაგვღუპოოოოთ?!” კივილით და ამ აურზაურში გოგო მეორეჯერ მოიტაცეს, ოჯახსა და პოლიციას ცხვირწინ აართვეს.
გაგრძელდა ძებნა, მეორე დღეს იპოვნეს, წამოიყვანა პოლიციამ, გამოკითხეს სრულიად გონებაარეული ბავშვი, რომელსაც ამასობაში “ბიჭის გადარჩენის” მისიაც შესტენეს ნათესავებმა. ბავშვმა პრაქტიკულად არ მისცა ჩვენება და ბიჭის გადასარჩენი დაზეპირებული სცენარი მოყვა. და რა მოხდა მერე? არც არაფერი. ამჯერად პოლიციამ თავისი ხელით ჩაუსვა ბავშვი ე.წ. ქმარსა და დედამთილს და გაატანა…
ნუთუ, ეს ბავშვი, ორი დღე რომ იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთაში და ნების დამთრგუნველ ვითარებაში და შესაძლოა აუპატიურებდნენ კიდეც, იმ კონდიციაშია, რომ სიმართლე თქვას და საკუთარი ინტერესებისთვის იბრძოლოს?! არა. ბავშვი არის უკიდურესად დასტრესილი და დათრგუნული.
ჩვენ მოვითხოვდით, რომ ბავშვი გადაეყვანათ იზოლაციაში, მასთან ემუშავა ბავშვთა ფსიქოლოგს და მიეცათ მისთვის დრო – გამოევლინა ნამდვილი ნება. პოლიციამ ეს არ გააკეთა და სარწმუნოდ მიიღო დათრგუნული ბავშვის დაზეპირებული საუბარი.
მოკლედ, თუ მოახერხე და 16 წლის ბავშვი კარგად დააშინე, დათრგუნე, მანიპულაციას წამოაგე და “გადამრჩენელის” როლიც შესტენე – ის სრულიად დაუცველი რჩება. არადა რა უნდა 16 წლის გატაცებული ბავშვით მანიპულირებას და ტვინის არევას, როცა მოძალადის მთელი სანათესაო თავზე დასჩხავის?! არც არაფერი.
აი, ასეთი დაუცველები არიან გოგონები ჩვენ ქვეყანაში და ბავშვთა ქორწინება, იძულებითი ქორწინება და მოტაცება ისევ მწვავე პრობლემაა საქართველოში. სხვათაშორის ორივე ოჯახი ეთნიკურად ქართველია.
პ.ს. მეტ დეტალს ვერ გავამჟღვანებ. ეს ინფორმაციაც კმარა პრობლემის მასშტაბის აღსაქმელად. მუშაობას შეძლებისდაგვარად განვაგრძობთ“,_ წერს პატარაია.