გომბორის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებულების სამედიცინო ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს, _ ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.
დავით სერგეენკო თელავში ჩავიდა და დაშავებული მოსწავლეები და მათი მშობლები მოინახულა.
მინისტრის განცხადებით, რეფერალურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 20 პაციენტი რჩება. სამი პაციენტი გადაყვანილია თბილისში.
„ამ კლინიკას ყველა რესურსი აქვს, რომ პაციენტების მდგომარეობაზე იზრუნოს. კრიტიკული მდგომარეობა არცერთს არ აქვს. რეანიმაციაში იმყოფება ოთხი. საუბედუროდ, ავარიის დროს ოთხი გარდაიცვალა. ვინც ახლა აქ კლინიკაშია, მათი მდგომარეობა გადაუდებელ დახმარებას მიეკუთვნება და ბუნებრივია, საყოველთაო დაზღვევა მოქმედებს”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
გომბორის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული 21 მგზავრი, მათ შორის 12 ბავშვი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე მიჰყავდა, გზიდან ხევში გადავარდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
მომხდარზე საგანგებო განცხადება გააკეთა შსს-მ. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო.