დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ განიხილა: “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე – დასახლების (დაბა) გომის მთის შექმნის თაობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადების მოწონების შესახებ”, განკარგულების პროექტი.
დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა გომის მთის, როგორც უნიკალური კურორტის შესახებ, რომელიც უკვე მსოფლიოს ყურადრების ცენტრში მოექცა და საუკეთესო კურორტების რეიტინგულ სიაში მოხვდა.
_ ჩვენთან უშუალოდ მერის წინადადება არის წარმოდგენილი, რომ გომის მთას მიენიჭოს დასახლების სტატუსი. მთავრია, დაიძრას ეს საკითხი. როცა სტატუსი მიენიჭება, ეს იქნება უდიდესი საქმე კურორტის გეგმაზომიერი განვითარებისთვის.
საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ განაცხადა, რომ გომის მთისთვის დასახლების კატეგორიის მინიჭება, აქ არსებული ვითარების კანონის ფარგლებში მოქცევას ნიშნავს, რაც კურორტის თანმიმდევრულ, გეგმაზომიერ განვითარებას შეუწყობს ხელს.
_დღეს მართლაც მნიშვნელოვანი, ისტორიული დღეა, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე სურგულაძემ.
ხვალ, 26 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, თავის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც სწორედ გომის მთის საკითხს ეხება, მიიღებს გადაწყვეტილებას, მოიწონოს წინადადება, გომის მთას მიენიჭოს დასახლების სტატუსი.
ხოლო აღნიშნული განკარგულების მიღების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია საქართველოს მთავრობას შუამდგომლობით მიმართავს, რომელმაც უნდა განსაზღვროს გომის მთისთვის დასახლების სტატუსის მინიჭება.