დიდი ინგლისელი მეცნიერი ისააკ ნიუტონი – გენიალური ადამიანი, ყოფით სიტუაციებში საოცარ დაბნეულობას ავლენდა.
ერთხელ მზარეული გაშვებული ჰყავდა და თავად მოუხდა კვერცხის მოხარშვა. პროცედურას მეცნიერისათვის შესაფერისი პედანტიზმით მიუდგა: ქურაზე წყლით სავსე ჭურჭელი შემოდგა. ცალ ხელში კვერცხი დაიჭირა, მეორეში – საათი. წყალი ადუღდა თუ არა, დრო დაინიშნა და კვერცხი წყალში ჩაუშვა. ცოტა ხნის შემდეგ, როცა საათის დახედვა დააპირა, გაოცდა – ხელში კვერცხი ეჭირა, საათი კი ადუღებულ წყალში თუხთუხებდა.
შინ ძაღლი და კატა ჰყავდა. ბუნებრივია, ცხოველები დროდადრო გარეთ გაშვებას ითხოვდნენ. ამის გამო მეცნიერს მუდმივად უხდებოდა კარის გაღება და დახურვა, რაც სამუშაოს სწყვეტდა. ბოლოს და ბოლოს, გამოსავალს მიაგნო – კარზე ორი ხვრელი გამოაჭრევინა: ერთი დიდი – ძაღლისთვის, მეორეც პატარა – კატისთვის.
აღსანიშნავია, რომ დიდ ინგლისელს ნამდვილი ინგლისური იუმორიც ახასიათებდა. ნიუტონი წლების განმავლობაში ინგლისის პარლამენტის წევრი გახლდათ. როგორც ცნობილია, ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ამოიღო ხმა. ერთ სხდომაზე ყურადღების მისაქცევად ხელი ასწია. ყველა მას მიაჩერდა, მან კი განაპირას მჯდომ დეპუტატს სთხოვა:
– გეთაყვა, ორპირი ქარია, თუ შეიძლება, ფანჯარა მიხურეთ.