“ბათუმელების” ინფორმაციით, ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი ხიდი, გარკვეულ მონაკვეთში გადახსნილია.
ხიდი ფოლადისა და რკინა-ბეტონისგან შედგება. ერთ მონაკვეთზე სწორედ ბეტონებს შორის არსებულ ფოლადის გადაბმებში ხიდი გადახსნილია.
ფოლადის გადაბმებს შორის დაშორება საკმაოდ დიდია და ეს ერთი შეხედვითაც ჩანს.
იმ ნაწილში, სადაც ფოლადის კბილანები დაშორებულია ერთმანეთს, ადვილად შესამჩნევია ხიდის ქვემოთა ნაწილიც.
ხიდზე ავტომანქანები გადაადგილდებიან, ანუ მოძრაობა არ არის შეფერხებული, თუმცა ის, რომ ხიდი დაზიანებულია, ამის შესახებ არსად არ არის მინიშნება.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და ჰკითხა, აქვს თუ არა ინფორმაცია ხიდის დაზიანების თაობაზე და რა კონკრეტული ღონისძიებები მიმდინარეობს ამ დაზიანების აღმოსაფხვრელად?
„როგორც ჩვენმა სპეციალისტებმა მითხრეს, ხიდი არ არის დაზიანებული. ეს ხიდის სადეფორმაციო ნაკერია და ხან გაწეულია და ხან შეერთებული. ამ შემთხვევაში არ არის დაზიანებული, ხიდის დრეკადობისთვის და მეტი გამძლეობისთვის არის ნაკერი მოძრავი,“-გვითხრეს გზების დეპარტამენტში.
ვრცლად: ბათუმელები