რვა წლის გოგონას მკვლელობის სავარაუდო ადგილას საგამოძიებო მოქმედებები განახლდა. გორში მომხდარ საზარელ ფაქტზე დაკავებულია ახალგაზრდა კაცი. რა გახდა მკვლელობის მოტივი ოფიციალური ვერსია ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა არის რამდენიმე ვარაუდი.
ქრონიკის ინფორმაციით, გოგოს მკვლელობის მოტივი სექსუალური ძალადობაა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ტელეფონში მოკლული გოგოს ფოტოები იპოვეს, რაც საქმეში ერთ-ერთი მტკიცებულებაა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, გოგოს მარშრუტის გათვალისწინებით, გამომძიებლებმა მიაკვლიეს სახლს, სადაც მოკლული ბავშვის სისხლის კვალი აღმოაჩინეს.
2010 წელს დაბადებული ნ.ბ. 25 ოქტომბერს სახლიდან ცეკვის წრეზე შუადღისას გავიდა, მაგრამ დანიშნულ ადგილზე არ მისულა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე საათში ბავშვი მდინარე ლიახვის პირას გარდაცვლილი იპოვეს.
გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევია.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
წყარო: იმედინიუსი