პროდუქტზე ფასის ზრდა თუ კლება, სოციუმში მუდამ უპირველესი საუბრის თემაა. ეს, პირველ რიგში, მუდამ სასურსათო პროდუქტს ეხება და მერე დანარჩენს. მით უფრო, მოახლოებული ახალი წლის ფონზე, სასურსათო პროდუქტის შეძენას და მასზე ფასების ცვლილებას ნებისმიერი მომხმარებელი დიდ ყურადღებას უთმობს.
რა ხდება ამ მხრივ ოზურგეთის სავაჭრო სივრცეებში, განსაკუთრებით ბაზარში, სუპერმარკეტებში, სადაც ახლა ადგილობრივი მომხმარებლები გაკვირვებას გამოთქვამენ სხვადასხვა პროდუქტზე ფასის აქამდე არნახული ზრდის გამო.
_ 70 წლის ვარ და ასეთი ფასი არ მახსოვს. გოჭის ცოცხალი წონა დაუჯერებელია _ ერთი კილოგრამი 25 ლარი ღირს. ახალი წელი როგორც მოახლოვდება, ალბათ, 30 ლარი გახდება. სულ არ შევჭამ გოჭის ხორცს, მაგრამ ვინც მაინც ყიდულობს და ამდენ ფასს იხდის, რაღას წუწუნებს? იმას მაინც ნუ იძახიან, გაჭირვებაა და ფული არ გვაქვსო. რომ არ მაქვს მაგდენი, არც ვყიდულობ. ყველა გოჭს ეძებს, ყველა გოჭის ფასს კითხულობს და ყველა გოჭის ფასზე დავობს. სხვა საჭმელი არ არის, რომ მიირთვან ამ საახალწლოდ? ამხელა ფასი მე არ მახსოვს და თუ ვინმეს გაუგია, გამახსენოს, _ გვეუბნება რიგითი ოზურგეთელი ნადია ქერქაძე.
ოზურგეთის ბაზრის, შპს “სოფლის ნობათის” დირექტორი სოსო სიხარულიძე ამ ფასს არასერიოზულს უწოდებს:
_ ოო, გოჭის და ზოტის ლობიოს ფასი სკანდალურ ზღვარზეა. დიახ, ასე ღირს ეს ორი დღეა. თუ ვინმეს ყიდვა უნდა, სოფლებში უნდა გავიდეს და იყიდოს. ბევრმა უკვე იყიდა, ვიცნობ ადამიანებს, თქვეს, დავკლავთ და შევინახავთო. ახალი წელი გვიახლოვდება და გადაჭარბებული კი ვიცით ყველაფერი, მაგრამ წელს გოჭის ფასი მართლა გასაკვირია. სამიოდე დღის წინ ასე არ იყო. მეტი სალაპარაკო არაფერი აქვთ ახლა ჩვენს ბაზარში, _ იცინის ბატონი სოსო.
ერთ-ერთი მომხმარებელი, ნინო დოღონაძე ჩაგვერთო საუბარში:
_ გოჭის ფასი გიკვირთ და მიდით, ლობიოს ფასი იკითხეთ. ზოტის ლობიოს ფასს რომ გაიგონებ, გოჭის ამბავი დაგავიწყდებათ. ხორცის გემოს სჯობს თურმე, ასე გვითხრა გამყიდველმა. ლობიოა, რაც უნდა იყოს. ან ესენი გადაირივნენ და ან მე გადმოვედი ამ დილით მაკვარანცხად ჭიშკარზე, _ წაიბუზღუნა მან.
მართლაც, ზოტის ლობიოდ წოდებული მარცვლეული, ერთი კილოგრამი 16 ლარი ღირს. კითხვა შემოგვიბრუნეს, ფასს რატომ კითხულობთ, თუ არ ყიდულობთ, იაფი ყაზახეთის ლობიო ღირს, ის იყიდეთ და მიირთვითო.
საკმაოდ მომატებულია ყველის ფასი _ ერთი კილოგრამი 16 -17 ლარი ღირს და ვარაუდობენ, რომ ახალ წლამდე, შესაძლოა, 20 ლარიც კი გახდეს.
გაძვირდა სიმინდის ფქვილიც. მთელი წლის მანძილზე თუ ერთი კილოგრამი სიმინდის ფქვილი სამ ლარს არ ასცილებია, ახლა ერთ კილოგრამს 3,50- 4 ლარს აფასებენ.
_ სამეგრელოდან შემოგვაქვს სიმინდი. აქ ვფქვავთ. მოუმატეს ფასს და რა ვქნათ? _ გვითხრეს ბაზრის წისქვილის განყოფილებაში. თუმცა, შარშან და მიმდინარე წლის მანძილზე, როგორც ვთქვით, ერთი კილოგრამი სიმინდის ფქვილი სამ ლარს არ ასცილებია.
ინდაურის ფასს რაც შეეხება, ყოველგვარი წონისა და სქესის გამოკითხვის გარეშე შარშანდელი ინდაური ღირს 120 ლარი. ასწიე ხელში, სიმძიმეს მაშინვე იგრძნობ. იცით, რამდენს ჭამს? ამიტომ მაგის წონას არ ვადგენთ. ახალი, წლევანდელის ფასი 70-80 ლარია და მსურველს შეუძლია ის იყიდოს ნაკლებად, _ გვეუბნება ვარდო თავდუმაძე.
სოფლის კვერცხი, ერთი ცალი ერთი ლარი ღირს და როგორც აქ გვეუბნებიან, ასეთი ფასი სააღდგომოდაც არ ყოფილა ბოლო წლებში.
_ ხათრით 90 თეთრად შეგვიძლია მოგყიდოთ, _ გვითხრეს თაყაიშვილის ქუჩაზე მომუშავე გარემოვაჭრეებმა. თან დაგვამუნათეს, თუ სახლის კვერცხი გინდათ, ახლა იყიდეთ და შეინახეთ, თორემ მალე უფრო გაძვირდება და საახალწლოდ მეტის გადახდა მოგიწევთო.
სტაბილურია საქონლის და ღორის ხორცის ფასი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს სარეალიზაციო სისტემის მოწესრიგებამ დაარეგულირა.
_ ხორცის მარკეტებში თუ ბაზარში ვერავინ შემოიტანს თუ აღრიცხული, შემოწმებული და სასაკლაოზე დაკლული არ არის. დანარჩენი პროდუქტის რეალიზაციის სქემაც რომ ასე მოწესრიგდება, იქაც დასტაბილურდება ფასი, _ გვეუბნებიან ხორცის რეალიზაციაზე დასაქმებული ოპერატორები.
_ მცირე მეწარმეს აქვს უფლება, სამასამდე ფრთა ქათამი გამოზარდოს, როგორც სურს, ისე გაყიდოს მისი ხორცი თუ კვერცხი. ამიტომ ასეთ დროს უფრო ზარალდება ის, ვისაც ფრინველის ინკუბატორი და ფაბრიკა აქვს. მაინც რეგულაციებია საჭირო, _ ამბობენ ოზურგეთელი მომხმარებლები ნიკოლოზ ვასაძე და ვაჟა მეგრელაძე. საუბრისას ისინი, როგორც ბევრი სხვა ადგილობრივი მომხმარებელი, ამ ყველაფერს უფრო მასშტაბურად განიხილავენ:
_ სოფლის მეურნეობის, სამეურნეო საქმიანობის უკუსვლის შედეგია ეს. რამდენი იაფი ხორცი თუ ხილიც უნდა შემოიტანონ უცხოეთიდან, სანამ ქართველ მეურნეს, აგერ, გურულ გლეხს არ მიხედავენ, საშველი არ იქნება. გოჭის ფასი საერთოდ არ იარსებებს და ქათმისაც, რადგან აღარ ეყოლება ხალხს, თუ ასე გაგრძელდა.
_ აიღეთ ბოლო ათწლეული _ სოფელი და სოფლის მეურნეობა თავდაღმა მიექანება, _ გვეუბნება სოფელ ნატანების მკვიდრი, გიზო ბოლქვაძე, _ დღეს ელექტროხერხი ჩამოვიტანე ოზურგეთში გასაკეთებლად. ზამთარი ახლოვდება, შეშა მჭირდება და ხერხმა “დამისტუკა”. აქ რაც ფასები ვნახე, შარშან ასეთი ამბავი ნამდვილად არ იყო სოფლის პროდუქტზე, ცოცხალ ქათამსა თუ გოჭზე. მიზეზი კი გითხარით და თუ სხვა რამ იცით, მაშინ თქვენ გვითხარით.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გაზრდილი ფასები, ძირითად სამომხმარებლო პროდუქტზე _ ზეთზე, შაქარზე თუ ბურღულეულზე შედარებით დასტაბილურდა. ახლა მკვეთრი ზრდა სოფლის პროდუქტზე ამიტომ ხდება და დიდი ალბათობით, ფასი უფრო გაიზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ საკვებ პროდუქტზე, ძირითადად, სოფლის პროდუქტზე (კვერცხის, ყველის, შინაური ცხოველის და ფრინველის, ფქვილის) ფასის ზრდამ უკმაყოფილება გამოიწვია ადგილობრივებში, შეფასების მაინც ერთგვარი ფორმულა აქვთ:
_ კაცმა რომ თქვას, ყველა წუწუნებს გოჭის აქამდე არნახულ ფასზე და მაინც გოჭის ხორცის ჭამა სურს. საკმარისი ფული არავის აქვს და მანქანები არსად არ ეტევა. ბენზინის ფული ყველას აქვს, გოჭის ფულიც ასე თუ ისე მოეპოვებათ. კი წუწუნებენ, მაგრამ მაინც რომ ეძებენ, ესე იგი, აქვთ, ხომ? საწვავიც ხომ ძვირდება. მაინც არავის დატყობია ეს. ის კი არა და, გავიხსენებთ სასწაულ ამბავს _ პანდემიის დროსაც კი არ გაჩერებულა მანქანები. არავის დატყობია მაშინაც კი უფულობა ამ მხრივ… რაღაც უცნაური სჭირთ თუ გვჭირს, _ გვეუბნებიან ოზურგეთის მცხოვრებლები: გრამიტო მამინაშვილი, გენადი ვასაძე, ვალერი ლომჯარია და სხვები.
საწვავის ფასს რაც შეეხება, რასაც საკვები პროდუქტების შემდეგ, მეორე ადგილი უჭირავს აუცილებელი საჭიროების ჩამონათვალში, დიდად არავინ გაურბის.
ავტორი































































