საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს შავი სამუშაოს შემსრულებელი უწოდა და განაცხადა, რომ წულუკიანმა თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს. ამასთან, იმ საპარალამენტო საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, რომლის შექმნისკენ ,,ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ გუნდს მოუწოდებდა, გოცირიძე აღნიშნავს, რომ კომისია იმისთვის შეიქმნა, რათა აღმოუფხვრელი დარჩეს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები.
,,საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი ითხოვს წულუკიანის გადაყენებას, იმ მინისტრის, რომელიც ექვსი წელია შეუცვლელია. ყველა მინისტრი შეიცვალა, 5-ჯერ შეიცვალა ინფრასტუქტურის მინისტრი და პროკურორი მეხუთეჯერ ინიშნება, მაგრამ ერთადერთი შეუცვლელი კადრი არის ქალბატონი თეა წულუკიანი, რომელიც არის შავი სამუშაოს შემსრულებელი. მთელი ეს პროცესი მიმართულია იქეთკენ, მათ შორის, ეს საგამოძიებო კომისია, რომ მოხდეს დროის გაჭიანურება და ხელშეუხებელი დარჩეს ის სისტემა, რომლის დამსხვრევასაც ითხოვს ქუჩაში გამოსული ხალხი“, _ აღნიშნა გოცირიძემ.
ცნობისთვის, ,,ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ გუნდს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებდა, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.