ლანჩხუთში კულტურის სახლის 80 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების სცენარი და რეჟისურა კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების მთავარ სპეციალისტს ლია ურუშაძეს ეკუთვნოდა. საღამოს ორგანიზებაში კი მას კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივები დაეხმარნენ.
უშუალოდ ღონისძიების დაწყებამდე კულტურის სახლის ფოიეში ლანჩხუთის კულტურის ცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტომასალა იყო გამოფენილი, რაც კულტურის ცენტრის ფოლკლორის განყოფილების, ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმის ხელმძღვანელობით გახორციელდა.
სცენაზე მუსიკალური, ქორეოგრაფიული ანსამბლების, თეატრალურ დასთა თაობათა ცვლამ გულგრილი არ დატოვა თეატრის იუბილეზე მისული მაყურებელი. ლანჩხუთის კულტურული ცხოვრების თითოეული თარიღი დიდი სითბოთი იყო მიტანილი მაყურებლამდე.
ღონისძიების სცენარის ავტორს ყურადღების მიღმა არც ის ადამიანები დარჩენია, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ლანჩხუთში კულტურის განვითარების საქმეში, მან ამ დღეს საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაუცოცხლა ლანჩხუთის კულტურის მოღვაწეთა ისტორია. მაყურებელს საშუალება ჰქონდა კონცერტის მსვლელობისას ეხილა ამ ისტორიის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.